ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით დაინფიცირებული 10 პირი თბილისის კლინიკებშია მოთავსებული, – აღნიშნულის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
როგორც დეპუტატი განმარტავს, იმ პირებს, რომელთა გამოც გუშინ ინციდენტი მოხდა, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდათ და შესაბამისად, ისინი სახლში დარჩენასა და დამატებით კვლევებს ითხოვდნენ.
“სკეპტიკური მოსაზრება ერთ-ერთი ოჯახის წევრებს ჰქონდათ, რადგან სიმპტომი არ აღენიშნებოდათ, კლინიკაში გადაყვანას აპროტესტებენ. ფაქტს შეესწრო ნასვამი ახალგაზრდების ჯგუფი, რომლის მხრიდანაც ხედვები გადაიზარდა გარკვეულ აგრესიაში…მთავარია, მოვახერხეთ, რომ ოჯახი დავარწმუნეთ, რომ ყველაფერი მათ დასაცავად კეთდდება,”- განაცხადა მეშველიანმა.
სოფელ მუშევანში მერის რწმუნებულის, რობიზონ სელიმაშვილის განცხადებით, გუშინ სოფელში მომხდარი ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე რამდენიმე ნასვამი ახალგაზრდა მივიდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დაავადების შესახებ ცნობების არ სჯერათ.
„საღამოს 7 საათზე მივედით ერთ-ერთი მოქალაქის ოჯახში, რომელსაც ცოლსა და შვილიშვილთან ერთად კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ვაჟი აცხადებდა, რომ დაავადების შესახებ ცნობების არ სჯერა, თუმცა შემდეგ ექიმებმა მას ანალიზების პასუხები აჩვენა. ამის შემდეგ ადგილზე რამდენიმე ნასვამი ახალგაზრდა მოვიდა, დაიწყეს ექიმებთან ჩხუბი, ყვირილი, გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაახლოებით 10 წუთში ადგილზე კიდევ 20 კაცი მოვიდა და გვითხრეს, რომ წავსულიყავით სოფლიდან“, – განაცხადა რობიზონ სელიმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო. დაპირისპირება სოფელ მუშევანში მაშინ მოხდა, როდესაც ადგილზე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ჯგუფი მივიდა.უწყებაში აცხადებენ, რომ დაზიანებულია ორი სატრანსპორტო საშუალება.
ცოტა ხნის წინ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და ცენტრის თანამშრომლები მარნეულის მუნიციპალიტეტში ქვემო ქართლის გუბერნატორს შოთა რეხვიაშვილს შეხვდნენ. საუბარი ბოლნისის სოფელ მუშევანში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო, როცა ადგილობრივებმა ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა გადაყვანის საშუალება არ მისცეს.