„მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ.

ილია დარჩიაშვილმა დეპუტატებს უწყების მიერ შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, რის შემდეგაც პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მოხსენებაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისეთ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა საქართველოს საგარეო კურსი და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები, საგარეო საფრთხეებთან გამკლავება, მაღალი დონის თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან და დიასპორების ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში.

როგორც ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, უწყება ძალისხმევას არ იშურებს, რათა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში.

მისივე თქმით, ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, პარტნიორების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მკაფიო მხარდაჭერა აქვს:

„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად განსაკუთრებით დამძიმდა რეგიონში უსაფრთხოების გარემო, რაც დამატებით გამოწვევებს ქმნის საქართველოსთვის. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ ტურბულენტური ვითარების ფონზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის.

სწორედ ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა, რაც აისახება პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საჯარო განცხადებებში და არაერთ დოკუმენტში. მათ შორის, მინდა, გამოვყო რამდენიმე:

გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, რომელიც გენერალურმა ასამბლეამ რეკორდულად მაღალი მხარდამჭერი ხმებით, 95 ხმით მიიღო.

წელს რეზოლუციას თანასპონსორობა, თანაავტორობა გაუწია 61-მა ქვეყანამ. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“, წელს მისი თანასპონსორი და თანაავტორი იყო 48 ქვეყანა. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადება რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალში უსაფრთხოების შესახებ, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში. ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები, მათ შორის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით. ამ პროცესში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. შესაბამისად, სასამართლომ იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებაში დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიების განუყოფელი ნაწილია. ასევე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 2022 წლის 30 ივლისს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის სამი მაღალჩინოსნის მიმართ, ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდში. ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა იყო მიმართული ამ გადაწყვეტილებების ეფექტურად გამოყენებისთვის და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებისთვის“, – თქვა დარჩიაშვილმა.

მოხსენების წარდგენის დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და დგამს ნაბიჯებს მის კანონმდებლობასთან მაქსიმალური ჰარმონიზაციის მისაღწევად:

„საქართველო გახდა ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ნაწილი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის პროგრესი 2023 წლიდან შეფასებული იქნება გაწევრიანების ე.წ. „კოპენჰაგენის“ კრიტერიუმების მიხედვით, ასოცირებული ტრიოს დანარჩენი ორი ქვეყნის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ანალოგიურად“, – თქვა მინისტრმა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საქართველო ჯეროვნად იყოს წარმოდგენილი ნატოს 2023 წლის სამიტზე:

„ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რომ ნატო ერთგულია ასპირანტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა და თქვა, რომ მომავალში კვლავ გაგრძელდება ინტეგრაციული მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება და კიდევ უფრო გაღრმავება ალიანსთან თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით.

ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობაც აქტიური დინამიკით იყო გამორჩეული:

მისი თქმით, იმართებოდა მრავალმხრივი ფორუმები, შედგა ორმხრივი შეხვედრები არაერთ ევროპელ კოლეგასთან, 2022 წლის პერიოდში ასევე გრძელდებოდა აქტიური ურთიერთობების დინამიკა საფრანგეთთან.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზიტების დინამიკას და საქართველოს პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტებზეც ისაუბრა.

ანგარიშის წარდგენის დროს, დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და დინამიკური განვითარების ხელშეწყობა:

„როგორც პრემიერის მიერ გენასამბლეაზე გამოსვლის დროს გაჟღერდა, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს ახალი შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე“ და ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე:

„ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა აზერბაიჯანული და სომხური მხრიდან, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა თბილისში, რომელსაც მე ვუმასპინძლე. სამეზობლო ინიციატივის იდეა კვლავ გააჟღერა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გაეროს გენანსამბლეაზე გამოსვლის დროს. ვთვლით, რომ ეს ინიციატივა და მისი იმპლემენტაცია მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მის წარმატებაში პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობამ. მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილება ამ იდეის განხორციელების პრაქტიკული ასპექტები“, – თქვა დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილი ასევე ამბობს, რომ საქართველოს თემატიკა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დღის წესრიგში მუდმივად აქტუალურია:

„ჩვენი მიზანია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავარი პრიორიტეტია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი დიასპორა, რომელიც აქტიურად გაატარებს ქვეყნის ინტერესებს საზღვარგარეთ.

დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს წარმატებით განხორციელდა არსებული დიასპორული პროგრამები, კერძოდ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“ და პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“. მიმდინარე წლის 27 მაისს ჩატარდა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ფორუმი, სახელწოდებით „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“. მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვარგარეთ ახალი საგანმანათლებლო და კულტურული კერების დაფუძნებას, კერძოდ, მოეწყო ხუთი ახალი საკვირაო სკოლა. საბერძნეთისა და თურქეთის საჯარო სკოლებში კი წარმატებით გრძელდება სპეციალურად შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა.

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია საკონსულო სერვისების მუდმივი გაუმჯობესება და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც საქართველოს საკონსულო დაწესებულებების არეალის გაფართოების, ასევე საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების მიმართულებით.

დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მსოფლიოს 64 ქვეყანაში უკვე ჰყავს 85 საპატიო კონსული. მინისტრის თქმით, ახალი საკონსულო დაწესებულებების გახსნა, ისევე როგორც საპატიო კონსულის ინსტიტუტი, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების უფრო ეფექტიან დაცვას ემსახურება.

კახაძე: შევთავაზოთ მსოფლიოს, რომ საქართველოში შეიქმნას უძველეს ქალაქთა შემსწავლელი ცენტრი

ზოგიერთ ელჩს ბატების მწყემსადაც არ დავნიშნავდი – ელისაშვილი მინისტრს

 

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები