2 წლისა და 7 თვიანი განხილვის შემდეგ ნიკა გვარამიას საქმეზე მსჯელობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ მისი სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
მოსამართლემ გამოცხადებული განაჩენით, გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით – უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, “რუსთავი 2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას სასჯელად შეუფარდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა. მოსამართლემ გაამართლა საქმეზე მესამე ბრალდებული, “ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი.
საქართველოს პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის 2019 წლის ზაფხულში წარდგენილი ბრალი ეხება პერიოდს, როცა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.
„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესში შესვლამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
„მე ვარ უდანაშაულო კაცი, დამნაშავე რეჟიმი რას იზამს, ეს როგორ უნდა ვთქვა“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.