LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკა მელია თვითონვე ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან წავა“ – ვინ მიაწოდა თორნიკე მოლაშვილს პარტიაში შესაძლო ცვლილებებზე ინფორმაცია

977
კოლაჟიიი

შაბათს, 16 ოქტომბერს, რუსთავში მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ ბრიფინგზე სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია მალე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აღარ იქნება.

„ფორტუნა“ დაინტერესდა ვინ მიაწოდა ინფორმაცია კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ძმას.

„ინფორმაცია მათივე წრიდან მივიღე. ედუარდ სააკაშვილს ამზადებენ მელიას შემცვლელად. ის პიროვნება, ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა, მათ ე.წ. ელიტასთანაა დაკავშირებული.

პირობას გაძლევთ, ტერორისტული ორგანიზაცია, „ნაციონალური მოძრაობა“ მალე აღარ იქნება და რა თქმა უნდა, ნიკა მელიაც მისი თავმჯდომარე აღარ იქნება. პიროვნებას, ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა, ვენდობი, რადგან აქამდე რა ინფორმაციაც მოუწოდებია ჩემთვის, ყველაფერი გამართლდა“, – განაცხადა მოლაშვილმა „ფორტუნასთან“.

თორნიკე მოლაშვილი ამბობს, რომ აქვს სხვა ინფორმაციაც, თუმცა ამ ეტაპზე, მეტი კონკრეტიტისგან თავს იკავებს. „არ მინდა, მას პრობლემები შევუქმნა, არ მინდა, რამე აკადრონ“, –  ამბობს „ფორტუნასთან“ მოლაშვილი და ირწმუნება, რომ მელიასა და სააკაშვილს შორის დიდი დაპირისპირება და განხეთქილებაა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული დესტაბილიტაცია შეიტანა თვითონ მიხეილ სააკაშვილმა თავისი ჩამოსვლით. დღესაც აზრზე ვერ მოდიან, რა გააკეთონ, იმიტომ არიან ჯგუფ-ჯგუფად, სხვადასხვა რაღაცეებს აკეთებენ. სააკაშვილმა ჩამოსვლით პირველ რიგში, სერიოზული დარტყმა მიაყენა თავის ყოფილ პარტიას.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვანო მერაბიშვილი არ დაიყენა გვერდით, მერაბიშვილმა კი სააკაშვილს შეუსრულა. ჩემი აზრით, ცოტა უშიშროების დამსახურებაცაა პარტიაში დიდი განხეთქილება.  მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერ მიდის, არ ეძახიან, რადგან მისი გამოჩენა წამგებიანია.

აქედან გამომდინარე, სააკაშვილი ჩამოიყვანა მერაბიშვილმა, გეგმები დააწყვეს. ერთი სიტყვით რომ გითხრათ, ძალიან დიდ გაუგებრობასა და დაპირისპირებას აქვს ადგილი. ყველაფერს მალე ნახავთ, არჩევნების მეორე დღესვე დაიწყება საუბარი ნაციონალურ-ტერორისტულ ორგანიზაციაზე.

მელიასა და სააკაშვილს შორის განხეთქილება რომ არის, ეგ იქიდანაც ჩანს, რომ მელია ციხეში 18 დღეა არ შესულა მის მოსანახულებლად“, – ამბობს მოლაშმვილი „ფორტუნასთან“.

რატომ არ მივიდა ამ დრომდე მელია სააკაშვილის სანახავად

წამყვანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ამ დრომდე ჰქონდა თუ არა ნიკა მელიას კომუნიკაცია ან სურვილი ექსპრეზიდენტის მონახულების და ეთქვა თუ არა უარი, რომან გოცირიძემ აღნიშნა, ამაზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.

კითხვაზე, მის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რატომ გაკეთდება არჩევანი მაინცდამაინც ედუარდ სააკაშვილზე? მისი თავმჯდომარედ დანიშვნა რა დივიდენტების მომტანი იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მოლაშვილი ასე პასუხობს:  

„არანაირი დივიდენტების მომტანი ეს გადაწყვეტილება არ იქნება. უბრალოდ ასე უნდა მიხეილ სააკაშვილს. მას ჰგონია, რომ დღევანდელ დღეს მისი წინააღმდეგი ორი ადამიანია – ერთი ივანიშვილი, მეორე მოლაშვილი. დანარჩენი ყველა მისი მომხრე ჰგონია.

ილუზიებში დაფრინავს. მაგრამ გარწმუნებთ, პარტიაში არჩევნების მეორე დღიდან ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდებიან. არჩევნების მეორე დღეს, წაგების შემდეგ გამწარდებიან და გამწარებულებს რა გააჩერებთ?”, – აცხადებს თორნიკე მოლაშვილი „ფორტუნასთან“.

„კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ არის თუ არა დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ხოლო მოლაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არარეალური ჰგონია.

„ნაციონალურ მოძრაობაში” არსებული დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. ახლა განხეთქილების დრო არ არის. ახლა რუსეთ-საქართველოს ბრძოლაა. არც იმ ინფორმაციას ვფლობ, რომ პარტიის თავმჯდომარე ედუარდ სააკაშვილი იქნება. არ მგონია, რომ ეს ინფორმაცია რეალობასთან ახლოა“, – აცხადებს „ფორტუნასთან“ ჩარკვიანი.

ნიკა მელიასთან ბოლო დროს მის დაპირისპირებაზე თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ  “ეს უბრალოდ შენიშვნებია”, რომელსაც ის ნიკა მელიას აძლევს:

„ბრძოლის დროს შეიძლება ვინმეს მისცე შენიშვნა და ეს ნორმალური რეაქციებია. ეს არაა დაპირისპირება. ადამიანებს ერთმანეთისთვის სიტყვა ვერ გვითქვამს, რომ მაშინვე დაპირისპირებად ნათლავენ (თქვენ არ გგულისხმოთ).

ვფიქრობ, როცა ადამიანი შიმშილობს, ყველაფერი ძალიან სწრაფად არის გასაკეთებელი. შეიძლება ბევრი რამ არ მოგვწონდეს, მაგრამ ახლა დაპირისპირების დრო არაა. ახლა უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება წაეთრეს”, – ამბობს თაკო ჩარკვიანი.

„ფორტუნას“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ნიკა მელია თავმჯდომარეობის დატოვებას ნამდვილად აპირებს, ოღონდ გამარჯვების შემდეგ.

„ნიკა მელიამ თავად განაცხადა, რომ გამარჯვების შემდგომ პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება. არ მიაჩნია სწორად, რომ დედაქალაქის მერიც იყოს და პარტიის თავმჯდომარეც. ვინ გახდება პარტიის თავმჯდომარე, ამას ელექტრონული კენჭისყრა გამოავლენს.

ზუსტად ისეთივე ფორმატის, როგორც ეს მოხდა თავად ნიკა მელიას არჩევის შემთხვევაში“.- უთხრეს „ფორტუნას“ პარტიაში.

კითხვაზე, განიხილება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ედუარდ სააკაშვილის კანდიდატურა, პარტიაში აცხადებენ:

„ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. კანდიდატებზე ამ ეტაპზე საუბარი არაა“.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციითვე,  იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიამ მერის არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, ის დარჩება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები