იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი წერს იმ მძიმე ხვედრის შესახებ, რომელიც ქართველებს აქვთ საზღვარგარეთ. ნინა აღნიშნავს, რომ ისინი, ვინც წლებია, სხვადასხვა ქვეყანაშია ემიგრანტად, საქართველოში დაბრუნებაზე კი არ ფიქრობს, უკეთესი ქვეყნებისკენ აქვთ გეზი აღებული:
„ბოლო პერიოდში, ძალიან მძიმე რეალობა, თუმცა, მძიმე მსუბუქი ნათქვამია, ტრაგიკული ტენდენცია გავაცნობიერე.
იმის ფონზე, რაც საქართველოში ხდება, რომ ახლა უკვე ოჯახებით და ქირას დახარბებული ვაიქართველების საშუალებით მშვიდად იპყრობენ რუსები საქართველოს, სწორედ ამის ფონზე, გარდა იმისა, რომ საქართველოს მუდმივ რეჟიმში კვლავ ტოვებენ ქართველები, ამასთან ერთად 10, 15, 20 წლის წინ ქვეყნიდან წასული ემიგრანტები უკან კი არ ბრუნდებიან, სხვა, მათი აზრით „უკეთეს” ქვეყანაში ინაცვლებენ.
მაგალითად, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან და ა.შ. მოდიან იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში. იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მიდიან ამერიკაში.
ადამიანებში უიმედობა, მომავლის შიში, ნიჰილიზმი, პესიმიზმია გამჯდარი. საქართველოს გარეთ უფრო გრძნობენ თავიანთ ეროვნულ იდენტობას, ვიდრე სამშობლოში. არადა, უმრავლესობისთვის, ისიც საკმარისი იქნებოდა, რომ თავზე ჭერი ჰქონდეთ, არ შიოდეთ მათ შვილებს და მათ უფლებებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ თელავდნენ, მათსავე სამშობლოში.
წარმატებული ქართველებიო, ინტეგრირებული ქართველებიო… წარმატებული და იტეგრირებული კი არა, უსამშობლო ქართველები ვართ. ებრაელები 40 წელი ატარა მოსემ. ამასობაში, კი შეუსრულდა ქართველების “უდაბნოში” ხეტიალს 30 წელი. ერთი ეგაა, ჩვენ მოსეც არ გვყავს.
გამოსავალი?
– ყველა პროექტი უნდა გადაიდოს გვერდზე და ემიგრანტების დაბრუნების და რეინტეგრაციის პროექტები უნდა ამუშავეს, არა ტრაფარეტულად, არამედ, რაც შეიძლება ქმედითად.
თორემ, არც ისე შორსაა “საქართველო ქართველების გარეშე”!“