LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი გოგიჩაიშვილი: „ძალიან არ მიყვარს, როცა დაშორების შემდეგ ყოფილ მეორე ნახევარზე ცუდ რაღაცებს ლაპარაკობენ…“

5654
gogichaishvili-nini

„მის საქართველო“ ნინი გოგიჩაიშვილს სასტუმრო „ადამოში“ შევხვდით, სადაც ჩვენი ფოტოსესია და ინტერვიუ შედგა. ნინი ამჟამად ორ საქველმოქმედო პროექტზე მუშაობს და იმედოვნებს, რომ სპონსორები დაინტერესდებიან მისი ჩანაფიქრით, რომლითაც „მის მსოფლიოზე“ უნდა წარდგეს. როგორც თავად აღნიშნავს, ამ კონკურსზე გარეგნობა მთავარი არაა. ზოგადადაც ფიქრობს, რომ გარეგნობის შეფასება და სილამაზის აღქმა ძალიან სუბიექტური ცნებებია. სწორედ ამიტომ კრიტიკასაც უპრობლემოდ ხვდება და მათ, ვინც მას დადებითი შეფასებებით ამკობს, კიდევ ერთხელ უხდის მადლობას.

გამარჯვებიდან გარკვეული პერიოდი გავიდა. რა შეგმატა ამ ტიტულმა?

ნინი გოგიჩაიშვილი:

ხშირად აღვნიშნავ და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ამ ტიტულს დიდი პასუხისმგებლობა ახლავს თან. ძალიან ბევრი ადამიანი გაკვირდება. ქვეყნის სახეს წარმოადგენ და მოითხოვენ შენგან, რომ შემდგარი ადამიანი იყო. არ მინდა, ამ ყველაფრის ხიბლში ჩავვარდე. ამ ყოველივეს ვუყურებ დიდი პასუხისმგებლობით. რეალურად ეს არ არის მხოლოდ ლამაზი ქალის ტიტული, უნდა შეგეძლოს, საზღვრებს გარეთ შენი ქვეყანა წარმოადგინო, ისაუბრო მის ისტორიაზე და თქვა, საიდან მოდიხართ. ჩვენ გვაქვს ის პრობლემა, რომ ვიბრძვით, რუკაზე ჩვენი ადგილი რომ გავაჩინოთ. როცა ვახსენებთ, რომ ვართ ჯორჯიიდან, ჰგონიათ, რომ შტატი ვართ. „მის საქართველოზე“ გამარჯვების შემდეგ აშშ-ში, ერთ-ერთ სილამაზის კონკურსზე მიწვევა მივიღე. მათაც ეგონათ, რომ ვიყავი ამერიკის მოქალაქე და შტატ ჯორჯიაში სილამაზის კონკურსის გამარჯვებული. მათ ავუხსენი, რომ საქართველოს მოქალაქე ვარ, ეს არის ქვეყანა, თავისი დიდი ისტორიით. დემნა გვასალია ამ მხრივ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და ჩვენი ნიჭიერი დიზაინერებით უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.

შენ როგორ აპირებ მის მსოფლიოზე შენი ქვეყნის წარმოდგენას?

მის მსოფლიოზე იქნება ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი გოგონა. მინიმუმ, მინდა, მათ შევუქმნა წარმოდგენა საქართველოს შესახებ. ჩემი წასვლით, მსურს, ტურისტების რიცხვი გაიზარდოს საქართველოში. გულღია ადამიანები ვართ, ძალიან კარგი სამზარეულო გვაქვს, მინდა, მის მსოფლიოს მონაწილეები დავაინტერესო და ჩვენთან დავპატიჟო.

ამ კონკურსზე გარეგნობას იმდენად დიდი ყურადღება არ ექცევა, რამდენადაც შენს აქტიურობასა და ჩართულობას, რამდენად შეგიძლია სხვადასხვა თემაზე საუბარს. ასევე მნიშნელობა აქვს პროექტებს, რაშიც ჩართული ხარ და ახორციელებ. რასაკვირველია, გოგონებს თავიანთი ქვეყნების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ადამიანი საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს და მოინდომოს წარმატების მიღწევა. მართალია, ეს ყველაფერი ჩვენთან ცოტა რთულია, მაგრამ ძალისხმევის დაშურებას არ ვაპირებ. ვმუშაობ ორ პროექტზე, რომელთა შესახებ მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. გულხელდაკრეფილი არ ვზივარ. დიდი იმედი მაქვს, რომ აქაური კომპანიებიც დაინტერესდებიან, რომ ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმეები. ქველმოქმედება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

აღნიშნე, რომ სილამაზის კონკურსზე სილამაზეს უპირატესი მნიშვნელობა არ ენიჭება…

21-ე საუკუნეა და სილამაზის აღქმა ძალიან სუბიექტურია. ლამაზია ნებისმიერი ადამიანი და ვიღაცას მოსწონს. დიდი მნიშვნელობა ექცევა, რამდენად აქტიური ხარ და რა სარგებელი მოგაქვს ქვეყნისთვის. საქართველოში ძალიან ლამაზი გოგონები დადიან. ერთმანეთზე კარგი გოგონები დადიან, მაგრამ სილამაზე არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან მარტივია, ხიბლში ჩავარდე, მოდუნდე, თითქოს გარანტირებული გაქვს… მის მსოფლიოზე დიდი ყურადღება ექცევა ასევე ფიზიკურ მომზადებას და ამ მხრივ გამძლეობას. სულ პატარ-პატარა შეჯიბრებებია, რომელშიც თავი უნდა გამოიჩინო. ეს არ არის მხოლოდ გართობა, არამედ სერიოზული შრომაა.

შენ ვარჯიშობ?

მე გამიმართლა, რომ ვარჯიში ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ვარ. ძალიან გამომადგება ის, რომ აქტიურად ვვარჯიშობ. სირბილი დიდხანს შემიძლია, ნელა ვიღლები და ამაში ისიც მეხმარება, რომ არ ვეწევი (იღიმის).

ჯანსაღი ცხოვრების წესში რას გულისხმობ, ვარჯიშის გარდა?

რა თქმა უნდა, სწორი კვების რეჟიმს. უარს ვამბობ ცუდ საჭმელზე. ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან მიყვარს სწრაფი კვების ობიექტებში სტუმრობა. ამაზე ვცდილობ უარის თქმას. ფიზიკურ აქტივობას და ჯანსაღი კვება გაძლევს იმას, რომ შინაგანად, გონებრივად ხარ მზად, ხარ კარგად და არ გაქვს დრო დეპრესიისთვის. პირველი ანტიდეპრესანტია ვარჯიში. ბევრი გოგონა მწერს და ვისარგებლებ შემთხვევით, მათ ვურჩევ, კარდიოვარჯიშებზე უფრო ეფექტურია ქუჩაში ოდნავ ჩქარი ნაბიჯით სიარული.

ნანუკა რას გირჩევს სილამაზის კონკურსის წინ?

ჩემს შინაგან მდგომარეობას ზუსტად გრძნობს, მეც – ანალოგიურად. მგონია, რომ ტყუპები ვართ. ჩვენ შორის საიდუმლო არ არსებობს. მუდმივად ჩემ გვერდითაა. თან, დიდი გამოცდილება აქვს, მის სამყაროზე იყო წასული… მართლა გამოსადეგი რჩევები აქვს და არა მოგონილი.

არამოგონილი რჩევები რომელია?

მოგონილი არაა ის, რომ მართლა თუ იშრომებ, დაგიფასდება. უნდა გაიღვიძო ადრე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახევარი ცხოვრება ძილში არ გაატარო, რადგან ამისთვის დრო მერეც გვეყოფა (იცინის). შეიძლება, შრომა დღეს არ დაგიფასდეს, მაგრამ დრო გავა და აუცილებლად დაგიფასდება. ამაში ბევრჯერ დავრწმუნებულვარ. ამ ყველაფერს თუ დაემატება იღბალი, ეს ყველაფერი ერთად შესანიშნავია.

საქართველოში არ არსებობს კონკურსის გამარჯვებული, რომელიც ყველას მოსწონს… კრიტიკული შენიშვნებისთვის მზად იყავი?

ნამდვილად ასეა. კრიტიკისთვის მაქსიმალურად მზად ვიყავი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გოგონებმა, რომლებიც სილამაზის კონკურსებში მონაწილეობენ, ეს კარგად გააცნობიერონ. როცა კონკურსში მონაწილეობ, ხალხს შენი შეფასების საშუალებას აძლევ. მით უმეტეს, როცა სილამაზის კონკურსში მონაწილეობ, სადაც შეფასებისას მთავარ კრიტერიუმად გარეგნობას იყენებენ. ეს ყველა ადამიანის გადასაწყვეტია, მაგრამ სილამაზის კონკურსზე ზოგადად, მხოლოდ გარეგნობით არ აფასებენ…

მე რომ გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, გაცნობიერებული მქონდა, რომ იქნებოდა დადებითი მოსაზრებებიც და იქნებოდნენ ადამიანები, რომლებსაც არ მოვეწონებოდი. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. შენ თუ ამ შეფასებებმა დაგთრგუნა და ჩაგკეტა, არაფერს კარგს არ მოგიტანს. უბრალოდ, მე თავად ისეთი ადამიანი ვარ, რომ როცა რაღაც არ მომწონს, ამაზე ხმამაღლა კომენტარს არ ვაკეთებ, თუმცა სხვებსაც ვერ მოვთხოვ, რომ ასეთები იყვნენ. თავად როგორც მიიჩნევენ საჭიროდ, ისე შეაფასონ.

ეცნობი კომენტარებს?

ამდენი დრო ნამდვილად არ მაქვს, რომ ყველა კომენტარს ჩამოვუყვე. მადლობა იმ ადამიანებს, ვისგანაც უამრავ დადებით მესიჯს ვიგებ. გოგონები, ქალბატონები მწერენ, რჩევებს მეკითხებიან. რომელი ვარჯიშებია უფრო ეფექტური, მე როგორ ვვარჯიშობ, ამას მეკითხებიან. აინტერესებთ ჩემი რჩევები. ბევრი გოგონაა, რომელიც განიცდის, რაღაც არ მოსწონს, სიმაღლეზე ნერვიულობს. მათ ვურჩევ, რომ პირველ რიგში, საკუთარი თავი შეიყვარონ და კომპლიმენტები უთხრან. საკუთარ თავს უნდა დაუმეგობრდე, შენი თავი უნდა მიიღო და ყველას მოეწონები.

რამე არის, რაც არ მოგწონს საკუთარ თავში?

გარეგნობაში – არა. რაც შეეხება თვისებას, ვიცი, რომ რეალური პოტენციალი მაქვს, ბევრი რამის გაკეთება მსურს და საკუთარ თავს კრიტიკულად ვუდგები. რასაც ფულით ვერ იყიდი, ეს დროა, შესაბამისად, დროის დაკარგვა არ მინდა. არ მინდა, სანანებლად გამიცდეს, ნეტავ, ცოტა დამეძინა და ბევრი მომესწროო. ფეხის ფეხზე გადადება არ მსურს. მუდმივად მინდა ვვითარდებოდა. ჩემთვის ნათია ძალიან კარგი მაგალითია. მქონდა პატარ-პატარა წარმატებები, სწავლა-განათლებაზე ვიყავი ორიენტირებული და მოდელობაზე ნაკლებად ვფიქრობდი. ნათია ერთ კარგ სიტყვას მეტყოდა, მაგრამ ორს ისეთს მოაყოლებდა, რომ მუდმივად მინდოდა მისთვის დამტკიცება, რომ კარგი ვარ, შემიძლია… ეს ძალიან კარგია და მეხმარება იმაში, რომ რაც დღეს მაქვს, დედაჩემს ვუმადლოდე.

თუ აკონტროლებ და ფიქრობ, რას ამბობ? თუ გინანია შენი რომელიმე  გამონათქვამი?

ჩემი აზრით, მთავარია, ადამიანი ყალბი არ იყოს. საზოგადოება ამ მხრივ ბრძენია. თუკი რაიმე როლს მოირგებ, აუცილებლად შეამჩნევს. შეიძლება, შენი აზრები ძალიან დალაგებული იყოს, მაგრამ არ მოეწონოთ. ჩემი მთავარი პლუსი ისაა, რომ არ ვთამაშობ. კამერის მიღმაც ზუსტად ასეთი ვარ. მგონია, რომ ჯობს, საზოგადოებამ ისეთი შეგიყვაროს, როგორიც რეალური ხარ. არც ერთ ჩემს გამონათქვამს არ ვნანობ.

პირად ცხოვრებაში არის ვინმე?

ბედნიერებას დამალვა უნდა და არ არის საჭირო მისი აფიშირება, თუმცა გეტყვით, რომ  ამ ეტაპზე არაფერი ხდება. „მის საქართველოს“ კონკურსის პერიოდში ყველანაირი გართობა გვერდზე გადავდე და ბოლომდე ვიყავი ჩართული. რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლები არიან, არის ინტერესი, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ამისთვის დრო არ მაქვს, თუმცა ისეთი ადამიანი თუ გამოჩნდება, ვინც მომეწონება, ვიფიქრებ მასზე, სიყვარული ისეთი რამეა, არ გკითხავს, დრო გაქვს თუ არა (იცინის). მეორე ნახევარი ახლა ნამდვილად არ მყავს, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ.

გული გტკენია სასიყვარულო ურთიერთობის დროს?

არა, ნებისმიერი სასიყვარულო ურთიერთობა გამოცდილებაა. თან, ძალიან არ მიყვარს, როცა დაშორების შემდეგ ყოფილ მეორე ნახევარზე ცუდ რაღაცებს ლაპარაკობენ. ასეთი ცუდი თუ იყო, რატომ იყავი მასთან ერთად?!. არაფერზე გულია რ დამწყვეტია. პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ასე მოხდა. ყველაფერი გააზრებულად მოხდა, არაფერი ისე არ ყოფილა, რომ მე არ მნდომოდა. დიდი მადლობა იმ ადამიანს იმ წლების გამო, ახლა ვარ ძალიან ბედნიერი და ძალიან მიხარია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.

მის მსოფლიო როდის გაიმართება?

წინასწარი თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ უფრო მეტად ნოემბერში ან დეკემბერში ტარდება ხოლმე. სამი თვით ადრე გახდება ცნობილი, როდის გაიმართება კონკურსი.

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: სასტუმრო „ადამო“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები