პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის” წევრ, ხატია დეკანოიძესა და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ვითარება სხდომაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ უკმაყოფილება გამოთქვა „ტვ პირველის“ მიერ მისი სიძის შესახებ გაკეთებულ სიუჟეტზე და აღნიშნა, რომ მისი დის ოჯახს “მიუვარდნენ, ხოლო სიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს სულ ზარქუას სიძე ეძახეს“.
„ახლა გაახსენდათ, მშობლები და შვილები. ჩვენც გვყავს მშობლები და შვილები…. რას აპირებდით ამ კანონის (ე.წ. აგენტების შესახებ კანონის) შემოტანით?“- ასე მიმართა ზარქუას ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძის გამოსვლას ირაკლი კობახიძისა და დაჩი ბერაიას კომენტარები მოჰყვა.
„20 წელია არ დაასვენეთ ეს ქვეყანა…“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ნამუსი, მორალი არ გაქვს?! ნუ ყაყანებ აქ, გადი აქედან“, – მიმართა დაჩი ბერაიამ ხატია დეკანოიძეს.
„როგორ მელაპარაკები? შენ ვის მორალზე ლაპარაკობ, საერთოდ?!“- უპასუხა ხატია დეკანოიძემ.
ამავე დროს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძეს შეახსენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმშია.
„ქალბატონო ხატია, შეგახსენებთ, თქვენ ბოიკოტში ხართ. ნუ უშლით ხელს სხდომას“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძეს.
ხატია დეკანოიძემ პაპუაშვილს განუმარტა, რომ ის ბოიკოტის რეჟიმში არ იმყოფება.