საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ილია მეორის სამძიმრის წერილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. ბატონი თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა. ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია.
ღმერთმა ნათელში განუსვენოს თამაზის უკვდავ სულს და სამშობლოსათვის მებრძოლთა თანა სავანე მართალთა დაუმკვიდროს. მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი მომადლოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის თანაზიარიც თამაზი უკვე გახდა“, – წერია მიმართვაში.
⛪ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო
▪️ კირბალში, საოკუპაციო…
Posted by საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური on ოთხშაბათი, 08 ნოემბერი, 2023
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ