საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ კონსტიტუციით დადგენილ უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, არ აპირებს პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას და არც ერთ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებას. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ძალაში რჩება წინადადება, რომელიც საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მთავრობისა და გაერთიანებული ოპოზიციის დიალოგს გულისხმობს. ამის შესახებ მან დღეს, პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბიშვილი არ აპირებს პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელმა და ზეპარტიულმა ქვეყნის პირველმა პირმა, საკუთარი აზრი სხვას არ უნდა მოახვიოს.
„ძალაშია ჩემი წინადადება საპრეზიდენტო პლატფორმის შეთავაზების შესახებ, რათა არ შეწყდეს დიალოგი. დაბოლოს, ამ სიტყვას ვერ დავამთავრებ ისე, რომ არ შევეხო საარჩევნო სამზადისთან და შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კონსტიტუციით დადგენილი ჩემი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას; არც ერთ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებას. არა იმიტომ, რომ საკუთარი მოსაზრება არ გამაჩნია, არა იმიტომ რომ ვინმესი მეშინია, არამედ იმიტომ, რომ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი პარტიებსა და საზოგადოებას საკუთარ აზრებს თავს არ მოახვევს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ელჩებთან გაარკვევს როგორ ჩაერთვება დიალოგის განახლებაში
პრეზიდენტი განმარტავს, რომ უნდა შენარჩუნდეს კორექტული თამაშის წესები, რაც მისივე თქმით, გულისხმობს ინსტიტუტების პატივისცემას.
“ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და საკუთრივ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში. ყველას მოვალეობაა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კორექტული თამაშის წესები, რაც გულისხმობს ინსტიტუტების პატივისცემას და პირადი შეურაცხყოფისგან თავშეკავებას. ჩემი მოვალეობაა, მაქსიმალურად ვეცადო, ამ დაპირისპირებამ არ დააზიანოს საქართველოს ინტერესები გარეთ და საფრთხე არ შეუქმნას სტაბილურობას შიგნით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.