საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მას ისევ აღენიშნება სისუსტე.
„ძალიან სუსტადაა. ჩემი იქ ყოფნის დროს, შევატყვე, რომ სისუსტე ჰქონდა, ვუთხარი, ჯობია, დაწვე – მეთქი. დამეთანხმა და დაწვა. ნორმალურად ვერ მოძრაობს, ჯდომას დაწოლა ურჩევნია და ჯდომა ურჩევნია დგომას,“ – ამის შესახებ გიული ალასანიამ „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ „ფორტუნას“ განუცხადა.
„ძალიან ცუდი ფერი და შავი ლაქები აქვს. მეათე თვეა, ფაქტობრივად ჟანგბადისა და მზის გარეშეა და შეიძლება, მაგის ბრალიც იყოს. გარდა ამისა, დიაგნოზი ხომ არ ვიცით სინამდვილეში. თავიდან ბოლომდე გამოკვლეული არაა.
საზღვარგარეთ გადაყვანას იმიტომ ვითხოვთ, რომ ვხედავთ, უკვე ორი თვეა კლინიკაშია, თითქოს ექიმები ძალიან ყურადღებიანები არიან, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიგეთ დიაგნოზი, საბოლოოდ ხომ უნდა დაიდოს პასუხი. დღეს გაკეთებულა განცხადება, რომ კიდევ არის დამატებით გამოკვლევის გაკეთება საჭირო. რამდენი ხანი შეიძლება, ეს ყველაფერი გაგრძელდეს?
მგონია, რომ ეს ყველაფერი შეიძლება სხვა კლინიკაში უფრო ოპერატიულად გაკეთდეს,“ – ამბობს ალასანია „ფორტუნასთან“.
კითხვაზე, თუ აწარმოებენ რომელიმე ქვეყნის კლინიკასთან მოლაპარაკებას, სადაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის კურსი გაიაროს? – ალასანია პასუხობს:
„პოლონეთი თანახმა კი არა, ითხოვს რამდენი ხანია გადავიყვანოთ. ამბობენ, სიამოვნებით წავიყვანთ და მივხედავთო,“ – განაცხადა ალასანიამ.
ალასანიას თქმით, სააკაშვილს დიდი სურვილი აქვს, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაურკვევლობა დასრულდეს:
„დიდი სურვილი აქვს, რომ როგორმე დააღწიოს თავი გაურკვევლობას. თუ იქნება სწორი დიაგნოზი დასმული და მერე მკურნალობაც დაიწყება, რა თქმა უნდა, ძალიან უნდა,“- ამბობს ალასანია.