სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მოვალეობაა საზღვარი დაიცვას, საზღვარზე მივიდეს და ადგილზე გაეცნოს სიტუაციას, თუმცა მისივე თქმით, პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოში სტაბილურობა და დემოკრატია შენარჩულებულია, რაც ხელისუფლების მთავარი მიღწევაა.

„საზღვრების თემით დავიწყოთ. დიახ, პრეზიდენტის მოვალეობაა საზღვარი დაიცვას, საზღვარზე მივიდეს და ადგილზე გაეცნოს სიტუაციას და რაც მთავარია, ყველაფერი იღონოს, რომ ყველა ჩვენს მეზობელთან საზღვრები დადგინდეს. ამდენად, მოლაპარაკებების განახლება და ამ პროცესის დაჩქარება და მხარდაჭერა ზუსტად ჯდება პრეზიდენტის მოვალეობაში.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე, მთავრობასთან ერთად ზრუნავდეს მათი პირობების გაუმჯობესებაზე, რამეთუ ისინი ქვეყნის მთლიანობის სადარაჯოზე დგანან. მაგრამ, პრეზიდენტი არ უნდა რეაგირებდეს მუდმივად სხვის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე და სხვისი დღის წესრიგის მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს.

ჩვენი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ოკუპაციამ ვერ გადაგვიყვანა არჩეულ გზიდან და ვერ შეარყია ჩვენი მთავარი მონაპოვარი – დემოკრატია და სტაბილურობა. მე ვზრუნავ იმაზე, რომ ვეძებოთ ყველა გზა და ყველა საშუალება, რათა მშვიდობიანად დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, რომ გაყინული მდგომარეობიდან გამოვიდეთ, რომ ჩვენი პარტნიორების ამ მიზნით ამოქმედება და მათგან უფრო მეტ მხარდაჭერას მივაღწიოთ სრულიად უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები