„მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა – როცა გაეცემა“, – ასე უპასუხა სააკაშვილის შეწყალების თაობაზე დასმულ შეკითხვას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ბრიფინგის ჩანიშვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტის სასახლესთან აქციის ჩატარების შესახებ შეიტყო.
სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა:
„ამ აქციას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსი, რომლებიც ამ დღეებში ვრცელდებოდა და ეს იყო მიზანმიმართული იმისთვის, რომ მომხდარიყო პრეზიდენტზე ზეწოლა, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურებიც არსად არ იყვნენ 2007 წელს. 2007 წელს ვამბობ იმიტომ, რომ ეს არის პერიოდი, როცა უკვე ყველაფერი მომხდარი იყო და ყველაფერი ნათელი იყო.
ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, არ ვიცი, კარიერით, თუ არ ვიცი, რა ფორმით მიიჩნევენ, რომ შეიძლება დამემუქრონ, მაშინ არსად არ იყვნენ ა ახლა მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია.
მე მაინტერესებს 2007 წლის შემდეგ ეს ადამიანები სად იყვნენ. მე გეტყვით, ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს, ვიღაცა იყო „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული, ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე და არ მინდა, ეს ყველაფერი პერსონალური გავხადო.
არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან, მაინტერესებს? თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ.
ისიც მინდა ვთქვა, რომ აქ ძალიან ნათელია, რომ არის ერთობლივი თამაში რაღაც ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან, მაგრამ რეალურად, ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? არ ვიცი, მიპასუხეთ, მე მგონი, სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის.
არათუ შეიწყალეს, არამედ განაწესეს ისეთ ადგილებზე, საიდანაც მათ ვერავინ ვერ მოხსნის და საიდანაც ისინი ძალიან ეფექტიანად გვიბლოკავენ ევროპის გზას. ვის აწყობს? რატომ არ კითხულობთ ამას, სანამ ჩემთან მოვარდება აქცია.
რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული? პირველ რიგში, მიშას ჩამოყვანა – რას ერჩოდნენ? ან ერთნი, როცა აქეზებდნენ – „ჩამობრძანდი, ჩამობრძანდი, იქნება რევოლუცია, თქვენთვის ხალხი გამოვა და უთუოდ უნდა ჩამოხვიდე. ან მეორენი – როცა აქეზებდნენ ქართულ ხასიათზე თამაშით: „აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი, ლაჩარი ხომ არ ხარ, ჩამოდი“ – ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავ რატომ.
უკვე ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებულები მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს.
ალბათ იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს, მეორეს იმიტომ, რომ ამით პასუხი აღარ აქვთ გასაცემი არც ერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას.
არ ვიცი, მე ამაში რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია, ალბათ არ მიცნობენ, ამდენი წელი ვეღარ გამიცნეს. მიუღებელია ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე, ის რაც დღეს ხდება – ზეწოლა, ბულინგი, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.