ქვეყანაში პური გაძვირდა… დილიდან სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, „პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე ადასტურებს და ამბობს, რომ პურის ფასმა 10 თეთრით მოიმატა. მისი განმარტებით, ფასების მატება მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ღირებულების ზრდამ განაპირობა.

„დღეს მსოფლიოში ხორბლის ღირებულება რეკორდულ ნიშნულზეა, 300 დოლარს გასცდა. როგორც ცნობილია, ჩვენ სუბსიდირების პროგრამა დავასრულეთ, სახელმწიფო თითქმის 1 წელი ცდილობდა, პური არ გაძვირებულიყო, თუმცა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს რომ დავაკვირდეთ, იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე მეტი ხორბალი მოჰყავთ, იქ პურის ფასი ბევრად მეტია, ვიდრე საქართველოში. აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის ან სომხეთის მაგალითი რომ ავიღოთ. როდესაც ამ სურათს ვუყურებთ, პურზე 10 – თეთრიანი ცვალებადობა არამგონია ისე მტკივნეული იყოს, ამ ფაქტს ფასების მკვერი ზრდა დავარქვათ“, – აღნიშნა დოლიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

„პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე კიდევ ერთ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომელიც თბილისის ცალკეულ უბნებში პურის დეფიციტს შეეხებოდა და თქვა, რომ საქართველოში პურზე დეფიციტი არ არის.

მსგავსი თემები