„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დააინიცირა. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი უნდა განისაზღვროს იმისთვის, რომ მხარდამჭერმა ტექსტმა აზრი შეიძინოს.
როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, ოპოზიცია ალტერნატიულ რეზოლუციას არ დააინიცირებს, რადგან მათთვის პრინციპული საკითხია, რომ მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერ რეზოლუციას საყოველთაო მხარდაჭერა ჰქონდეს.
„მე, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია რეზოლუციის პროექტი მხარდაჭერილი იყოს ყველას მხრიდან და ჩვენი სურვილიც ეს არის. სამწუხაროა, რომ ტექსტი, რომელიც წარმოდგენილია, არ ასახავს არც ჩვენი მოქალაქეების პოზიციას და ვფიქრობ, არც ქვეყნის პოზიციას.
მას აკლია „რუსეთი“, როგორც აგრესორი ამ ტექსტში, ამის საფუძველი არის არა მხოლოდ უკრაინის რადას მიერ მოწერილი წერილი, ასევე ბლინკენის განცხადებაში არაერთხელ ხაზგასმულია, რომ რუსეთი პირდაპირ ემუქრება როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებას – ეს არის აგრესია, განახლებული, განმეორებითი და თუ შესაძლებელია ტექსტი შეიცვალოს ისე, რომ ჩვენ შევძლოთ მხარი დავუჭიროთ თქვენთან ერთად და ეს იყოს საქართველოს პოზიცია, მთელი პარლამენტის პოზიცია, გავცდეთ პარტიულ ინტერესებს, იდეოლოგიას, პარტიულ წარსულს და ხედვას და შევძლოთ, რომ ეს რეზოლუცია იყოს ერთობლივი.
ამისთვის ჩვენ ვიმუშავებთ საკომიტეტო მოსმენაზე, გვექნება კონკრეტული წინადადებები, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ალტერნატიული რეზოლუცია არ დავარეგისტრიროთ, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ერთობლივი მხარდაჭერა იყოს ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხარდამჭერი რეზოლუციის,“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.