LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწილმა 5 კლასტერი შეგვიქმნა: რატომ მოუწოდებს პრემიერი მასწავლებლებს სკოლაში არ მივიდნენ

733
FORTUNA.GE (56)

თბილისში ჩატარებულმა ერთ-ერთმა ქორწილმა ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა განმარტა, რომ ქორწილების, იუბილის, ქელეხებისა და სხვა სოციალური ღონისძიების გამართვის აკრძალვა მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღეს.

პრემიერის თქმით, თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა, რომელიც დაგეგმილი იყო პირველ ოქტომბერს, პირველ ნოემბრამდე გადაიდება.

„დღეიდან 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებზე ღია ცის ქვეშაც აიკრძალება. დახურულ შენობებში ისედაც აკრძალულია. კიდევ ერთხელ ვამბობ – ღია ცის ქვეშ იკრძალება 200 ადამიანზე მეტი. გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, გაღიზიანებაც მოჰყვეს, მაგრამ საგულისხმო მაგალითია, ერთ-ერთი ქორწილმა, რომელიც თბილისში ჩატარდა, ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ იყო ქორწილი. იძულებული გავხდით, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში – 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე იკრძალება ღამის კლუბები ღია სივრცეებში.

„დახურულ სივრცეში ასეთი აკრძალვა ისედაც არსებობს. ესეც არის ვირუსის სწრაფი გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ღონისძიებები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

პანდემიის მეორე ტალღა იწყება: გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა მასწავლებლებსა და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდა, თუ 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში, თავი შეიკავონ სამსახურში მისვლისგან.

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, ორი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან და საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი სამინისტრო – განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, ხანდაზმულები კორონავირუსისგან მაქსიმალურად დავიცვათ.

„თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ხანდაზმულებს, რამეთუ ისინი მაღალი რისკის ზონაში არიან”, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად არის მზად პაციენტების მისაღებად.

„გეგმის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით ბოლო თვეების განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად არის მზად პაციენტების მისაღებად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ხანდაზმულებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ავარიდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა განმარტა, რომ შეზღუდვა არანაირად არ ეხება საარჩევნო კამპანიის ჩატარებას.

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ შეზღუდვა არანაირად არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას, რამეთუ ეს ღონისძიებები ვერანაირად შეუშლის ხელს საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას“, – აცხადებს პრემიერი. 

პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს თვითმონიტორინგის ხარისხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს უნდა მიმართონ.

მისივე თქმით, ვირუსთან ადაპტაცია და ვირუსის სწორი მართვა არის გასაღები, იმისთვის, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების შემოღება საჭირო არ გახდეს.

„ჯანდაცვის სისტემა გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, თუმცა ყოველდღიური ელემენტარული წესები, პირბადის ტარება, დისტანცია, ის ნორმებია, რომლებიც სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდი ჩვენთან ერთად იქნება“, – განაცხადა გახარიამ. 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 57-ით გაიზარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები