„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები უნდა დაწყებულიყო ხმაურია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერებს, სურვილი ჰქონდათ პოლიციის კორდონი გაერღვიათ და არჩევნებს დასწრებოდნენ.
პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.
დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა, რომელმაც აბუსერიძის მომხრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლებიც.
ცნობისთვის, დღეს, „ექსპო ჯორჯიაში” რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.
გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში კი ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.
ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ.
შეგახსენებთ, დღეს შსს-მ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა და დაპირისპირებულ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.