დაახლოებით, ერთი საათის წინ, ბათუმში, ქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.
ნანგრევებში მოყვნენ მაცხოვრებლები, რომლებიც სამაშველო ჯგუფებმა გამოიყვანეს.
კორპუსის ნანგრევებში მოყვა ავტომანქანაც, რომელშიც მცირეწლოვანი იმყოფებოდა. ნანგრევებიდან ბავშვი მაშველებმა გამოიყვანეს და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ნგრევის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ვრცელდება სხვადასხვა ვერსია, მათ შორის, კორპუსზე უნებართვო დაშენების შესახებ.
“ფორტუნა” დაუკავშირდა ბათუმის მერიას, სადაც განგვიცხადეს, რომ მერია ადგილზე არანაირ სამუშაოებს არ ახორციელებდა და არც კორპუსის მდგრადობასა და ამორტიზებულობასთან დაკავშირებით შესულა განცხადება:
“მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში გეტყვით, რომ ბათუმის მერია იქ არანაირ სამუშაოებს არ ახორციელებდა და ამასთან, კორპუსის მდგრადობასა და ამორტიზებულობასთან დაკავშირებით არც განცხადებაა შემოსული.
არ არის ინფორმაცია სწორი, რომ რაიმე პრობლემები ჰქონდა ამ კორპუსს, ყოველ შემთხვევეში, მერიაში არ არის დაფიქსირებული”, – გვითხრეს ბათუმის მერიაში.
შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობდნენ. ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეები მაშველებმა უკვე გამოიყვანეს.
ფოტოები:აჭარის ტელევიზია