თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით უამრავი ვერსია ვრცელდება. გარდაცვლილის მშობლები გამოძიებას არ ენდობიან. მათი თქმით, მხოლოდ ერთი გამოსავალი დარჩათ. აქციები, სადაც გამოძიებასთან დაკავშირებით სიმართლეს გააჟღერებენ და პროკურატურას აიძულებენ, სიმართლის თქმას.
თეონა თამაზაშვილი „ფორტუნასთან“ ოჯახის გეგმებზე საუბრობს.
ხომ არ გაირკვა, როდის შეიძლება ჩაერთოს გამოძიების ფედერალური ბიურო თამარის საქმეში?
ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ. ზოგადად საქმესთან დაკავშირებით რა კითხვაც მაქვს, არაფერზე არ აქვთ პასუხი. სულ მესმის ერთი პასუხი, ვმუშაობთ, ვაკეთებთ, დღე და ღამე არ გვძინავს და ა.შ. ეს სიტყვები 40 დღეა მესმის.
ოჯახმა მიტინგები დააანონსეთ. რატომ გადაწყვიტეთ პროტესტის ამ ფორმისთვის მიმართვა?
არ ვენდობი არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც პროკურატურას. როგორც ჩანს, ძაღლი ძაღლის ტყავს არ ხევს. ამიტომ ახლა უკვე რადიკალურ მეთოდებს უნდა მივმართო.
საქმე ვინ შეიძლება გამოიძიოს?
აქციებს გავმართავ და იქ გამოჩნდება. ისეთ დოკუმენტებს გავაჟღერებ, რომ იძულებულს გავხდი, გამოიძიონ. არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ თუ ასე გააგრძელებენ, იძულებული გავხდები.
საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია გაქვთ. რომელი ვერსიაა თქვენთვის ყველაზე სარწმუნო, რა მოხდა რეალურად?
ამ ყველაფერს აქციაზე გავაჟღერებ.
როგორც ცნობილია, ტარდება ექსპერტიზა, ეკუთვნოდა თუ არა აღმოჩენილი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს. როდის გახდება ცნობილი ექსპერტიზის პასუხი?
დნმ-ის ანალიზი ავიღეთ და ექსპერტიზის პასუხი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ერთ კვირაში იქნება.
რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ გარდაცვლილი თამარი არ იყო?
ეჭვი მე არ გამჩენია. ექსპერტმა მარიამ ჯიშკარიანმა იკითხა, იქნა თუ არა აღებული თავიდანვე დნმ-ის ანალიზიო. მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ექსპერტიზის ჩატარება. მხოლოდ ამის შემდეგ ავიღეთ ოჯახმა ანალიზები.
არ გავდა გარდაცვლილი თქვენს შვილს?
მე არ მაჩვენეს ჩემი შვილი. იმდენად იყო დამახინჯებული, ვერ გავუძლებდი მის ნახვას.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.