ზაფხულის ბოლო თვე დაიწყო, ბევრი ჩვენთაგანი შვებულებაშია, ეს კი კინომანებისათვის საუკეთესო დროა ახალი ფილმების და სერიალების აღმოსაჩენად. რას ვუყუროთ აგვისტოში? გთავაზობთ სერიალებს, რომელთა ყურებაში დროის დახარჯვასაც ნამდვილად არ ინანებთ.

„უკანასკნელი ცეკვა“ / The Last Dance

IMDB რეიტინგი: 9,3

Netflix-ის ახალი დოკუმენტური სერიალი „ენბიეის“ ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის, „ჩიკაგო ბულზის“ ოქროს თაობაზე და მეტწილად გუნდის ლიდერზე, ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელზე – მაიკლ ჯორდანზე მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ სერიალმა არა მხოლოდ ფანების, არამედ კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა. „უკანასკნელი ცეკვა“ „ემის“ დაჯილდოებაზე 3 ნომინაციაშია წარდგენილი.

„ნორმალური ხალხი“ / Normal People

IMDB რეიტინგი: 8,7

“ბიბისის“ და „ჰულუს“ ერთობლივი ნაწარმოები სალი რუნის 2018 წელს გამოშვებული ამავე სახელწოდების ნოველის ეკრანიზაციაა. ირლანდიური სერიალი თინეიჯერების, კონელ უოლდრონის და მერიან შერიდანის ურთიერთობაზე მოგვითხრობს, რომლებიც სკოლას ამთავრებენ და კოლეჯში ჩასაბარებლად ემზადებიან. კონელი სკოლის ნამდვილი ვარსკვლავია, მერიენი კი მორცხვი და შეუმჩნეველი გოგონაა…

„ჯეიკობის დაცვისას“ / Defending Jacob

IMDB რეიტინგი:  8,4

კრიმინალური მინი-სერიალი უილიამ ლენდეის ნაწარმოების ეკრანიზაციაა. ამავე სახელწოდების წიგნი ბესტსელერი გახდა და გასაკვირი სულაც არ არის, რომ გულგრილს არც მისი ადაპტაცია დაგტოვებთ. რაიონის პროკურორის 14 წლის ვაჟს, ჯეიკობს თანაკლასელის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ჯეიკობის მამა ყველა ღონეს ხმარობს შვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, თუმცა ძიების მსვლელობისას აწყდება მასალებს, რომლებიც საპირისპიროზე მიუთითებენ…

„კოსმოსური დესანტი“ / Space Force

IMDB რეიტინგი:  8,4

კომედიური სერიალი ამერიკის არმიის გენერლის, მარკ ნეირდის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც სრულიად მოულოდნელად არმიის ახალშექმნილი შტოს – „კოსმოსური ძალების“ ხელმძღვანელობა დაავალეს. აღსანიშნავია, რომ სცენარის ავტორს და მთავარი როლის შემსრულებელ სტივ კარელს სერიალის გადაღების იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც დონალდ ტრამპის ერთ-ერთ ინტერვიუს უყურა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი კოსმოსური სამხედრო ნაწილების შემქნის შესაძლებლობაზე საუბრობდა.

„ლონდონის ბანდები“ / Gangs of London

IMDB რეიტინგი:  8,3

ლონდონის ერთ-ერთი გავლენიანი ბანდის მეთაურის მკვლელობის შემდეგ ქალაქში ქაოსური ვითარებაა. მოკლულის შვილი შურისძიებას გადაწყვეტს და ქალაქში ბანდების ომი იწყება. ლონდონის პოლიციის გავლენა არსებულ ვითარებაზე მიზერულია…

„ატვირთვა“ / Upload

IMDB რეიტინგი: 8,1

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის შესანიშნავი სერიალი არც ისე შორეული მომავლის შესახებ მოგვითხრობს. მეცნიერებმა გარდაცვლილი ადამიანების ცნობიერების ვირტუალურ სამყაროში გადატანა შეძლეს და მალე კაცობრიობისათვის სიკვდილი ყველაზე საშინელი პრობლემა აღარ იქნება…

„დიდებული“ / The Great

IMDB რეიტინგი: 8,0

„ჰულუს“ კომედიურ-დრამატული მინი სერიალი სოფიას ახალგაზრდობაზე მოგვითხრობს, რომელიც ბოლოს იმპერატრისა ეკატერინე მეორე გახდება. სერიალში მოთხრობილია ეკატერინეს ახალგაზრდობის, ქმართან ურთიერთობის და სამეფო კარის ინტრიგების შესახებ…

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები