LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ეწინააღმდეგებიან მშობლები სქესობრივ განათლებას – სამინისტრო სკოლებში საპილოტე პროგრამას იწყებს

312
seqs88

გასულ კვირას, პედოფილიის გამოვლენილმა შემთხვევებმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების საქმეზე მამა-შვილს ბრალი წარუდგინეს.  ქუთაისში კი 7 წლის ბავშვის გაუპატიურების მცდელობისთვის 65 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც ამბობენ, ასეთი შემთხვევები უფრო მეტია, ვიდრე ეს ცნობილი ხდება.

სად უნდა ვეძებოთ პრობლემის მიზეზი და საიდან უნდა დავიწყოთ პრობლემის მოგვარება.

როგორ უნდა დაიცვას თავი ბავშვმა, რომელიც შეიძლება ოჯახის ახლობლის მსხვერპლი გახდეს.

თემაზე მუშაობისას შევიტყვეთ, რომ არსებობს კვლევები, რომლის მიხედვით დგინდება, რომ სექსუალური განათლება სექსუალურ აქტივობას არ იწვევს, ამიტომ ამ მიმართულებით მშობლების შიში უსაფუძვლოა.

ასევე აღმოვაჩინეთ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად სხვა უამრავი დაბრკოლება არსებობს.

იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს, რა ევალება სკოლას, თემაზე  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას ვესაუბრეთ.

 

 

“მგონია, რომ ასეთ შემთხვევებში მშობელი უნდა იყოს ფრთხილად. მათ იციან, რომ პედოფილები არსებობენ, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ბავშვებზე იძალადონ.” – ამბობს ლადო აფხაზავა და აღნიშნავს, რომ “ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვიმტკიცა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ასეთი ადამიანები არსებობენ.

ზოგიერთს ჰგონია, რადგან სოფლად არიან, ყველაფერი არ გამჟღავნდება. ამიტომ  მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ. ვინც უფრო ახლოს არის ბავშვთან და ოჯახს ნათესაური, ახლო ურთიერთობები აქვთ, ასეთი ადამიანებიც გვევლინებიან მოძალადეებად. არაა სავალდებულო ყველასთან დავტოვოთ და ყველას ვანდოთ ჩვენი შვილები.

7 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობისთვის, ქუთაისში 65 წლის მამაკაცი დააკავეს

დაკავების ფაქტი "ფორტუნას" დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

სამეგრელოში მომხდარი ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს… მოძალადეები თითქმის ოჯახის წევრები იყვნენ. მათთან სადილობდნენ და ვახშმობდნენ…

ცოტა მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რადგან ვერ ვხვდები, ადამიანები, რომლებიც ასეთ რამეს აკეთებენ, რა კომპლექსები აქვთ.

საქართველოში სექსუალურ განათლებას განსხვავებულად უყურებენ და აღიქვამენ. საზოგადოება ამ ინფორმაციის მისაღებად არ არის მზად. აუცილებელია სახელმწიფომ იმუშაოს და განწყობები შეცვალოს. 

მახსოვს, საზოგადოებაში რამდენიმე წლის წინ რამხელა განხეთქილება მოჰყვა პოლემიკას  იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებს სახლში მომხდარი ამბები სკოლაში არ უნდა მიჰქონდეთ. იმ გაკვეთილებში სულ სხვა რაღაცებზე იყო საუბარი. ოჯახის წევრის გამოკლებაზე, ან მომატებაზე და ამასაც დიდი განხილვა მოჰყვა. სანამ საზოგადოება არ იქნება მზად, რომ სკოლაში სექსუალური განათლება დაიგეგმოს, ძნელი იქნება პრობლემის მოგვარება.

სექსუალური განათლების საათებს არავინ აიღებს, იმიტომ რომ შეეშინდებათ მშობლების რეაქციის.

ადამიანი, რომელიც ამ გაკვეთილს წაიკითხავს, საზოგადოებისგან უარყოფილი იქნება და შეიძლება უამრავი სისულელე თქვან ამ მასწავლებელზე. მასწავლებლები აღარ აიღებენ ამ საათებს. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრის დამნერგავი და პასუხისმგებელი უნდა იყოს თავად სახელმწიფო“. – განმარტა ლადო აფხაზავამ „ფორტუნასთან“.

რატომ ეწინააღმდეგებიან მშობლები სექსუალურ განათლებას სკოლებში, რატომ ამბობენ „წაიკითხეთ“ რამდენიმე გაკვეთილზე ბიოლოგიის მასწავლებლები – თემაზე „ფორტუნა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელ დირექტორს მეგი კავთუაშვილს ესაუბრა.

 

 

„საზოგადოებას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს საკითხზე. რადიკალური ჯგუფები ხელს უშლიან  სკოლებში შევიდეს სქესობრივი განათლება.

პრობლემა ჩემი აზრით, არის არამხოლოდ იმაში, რომ საზოგადოებაში არიან პედოფილები, ან სექსუალური გადახრების მქონე პირები. ეს თავისთავად პრობლემაა და ამაზე ალბათ სახელმწიფომ უნდა იმუშაოს. მე შემიძლია გითხრათ, რომ ასევე დიდი სამუშაო არის გასაწევი მშობლებთან ცნობირების ამაღლების კუთხით იმისთვის, პორნოინდუსტრიად არ იყოს შერაცხული სექსუალური განათლება. იმისთვის რომ ბავშვები დაცულები იყვნენ პედოფილებისგან, სექსუალური განათლება აუცილებელია.

დღეს გვაქვს სიტუაცია:  მშობლების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ტაბუ აქვს დადებული ყველაფერზე, რასაც ჰქვია სექსი, სქესობრივი ორიენტაცია და ყველაფერი ერთმანეთში არის არეული. 

შეიძლება არა, აუცილებელია ბავშვისთვის სექსუალური განათლების მიღება. რადგან ასე არაა დღეს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ იყვნენ დაცულები არამხოლოდ პედოფილიისგან, არამედ მომავალში ნაადრევი ორსულობისგან, აბორტებისგან. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.

მშობლებს ჰგონიათ, რომ ამას ისედაც ყველა იგებს, როდესაც ამისი დრო მოვა, მაგრამ სინამდვილეში ბავშვები ამ ინფორმაციას იძიებენ ისეთი გზებით, სადაც ინფორმაცია არის ძალიან ბევრი, არასანდო და სიმართლისა და ტყუილის გარჩევა ძალიან უჭირთ. არასწორი და არაჯანსაღი დამოკიდებეულებეი უყალიბდებათ.

ზოგიერთი მშობელი აიღებს ხოლმე პულტს და  ტელევიზორს მაშინვე რთავს, როდესაც იწყება ჰიგიენური საფენების რეკლამა. მიიჩნევა, რომ ეს სირცხვილია. ეს არაა მხოლოდ საქართველოს პრობლემა და ეს  არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ჩამორჩენილები. ევროპაშიც არიან მშობლები, რომლებსაც აუცილებლად უნდა შეუთანხმოს სკოლამ, მათ შვილებს სექსუალური განათლება უნდა მისცენ თუ არა.

ასეთი გაკვეთილი არ იწყება იმით, რა არის სექსი და როგორ ხორციელდება ეს პროცესი. ეს იწყება იმით, რომ ჩვენ ჩვენი სხეული უნდა ვიცოდეთ. უნდა ვიცოდეთ,  როგორ იცვლება ჩვენი სხეული გარკვეულ ასაკში და რომ ეს ნორმალურია. ასევე, როდის უნდა ვთხოვოთ დახმარება უფროსს და უნდა გვესმოდეს, რომ არ შეიძლება, მხოლოდ თანატოლებისგან მოწვდილი ინფორმაციის ანაბარად ვიყოთ.

ცხოველიც მრავლდება. საერთოდ არ აქვს არავითარი განათლება და მრავლდება. მცენარეც მრავლდება, ეს არის ბიოლოგიური პროცესი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ტვინი, გვაქვს გონება და ამ გონებას გამოყენება უნდა. ესაა, რაც ჩვენ სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან განგვასხვავებს.

პირადად ჩემი აზრია, რომ სკოლებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და მინიმალური დოზით უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ბავშვებს სექსუალური განათლება. ბიოლოგიის მასწავლებელი რეგულარულად არ უნდა ახტებოდეს იმ თავს, სადაც სხეულის ინტიმურ ნაწილებზეა საუბარი.

მასწავლებელი ამბობს ამ გაკვეთილებზე, „უბრალოდ წაიკითხეთო“, იმიტომ რომ ამ მასწავლებელს უბრალოდ სცხვენია ამ თემაზე საუბარი.

აშკარაა, რომ ღირებულებითი პრობლემასთან გვაქვს საქმე.

ის ფაქტები, რაც პედოფილიის ფაქტებზე გახდა ცნობილი, ალბათ არის ძალიან ცოტა და შეიძლება ითქვას, ამის უკან ძალიან ბევრი დანაშაული იმალება“. – ამბობს მეგი კავთუაშვილი „ფორტუნასთან“.

 

ორგანიზაცია „თანადგომის“ დამფუძნებელი და განათლების ექსპერტი რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში ხათუნა ჟორდანია მიიჩნევს, რომ პრობლემაში ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოების დამოკიდებულებაა სექსუალური განათლების მიმართ.

 

 

„ყველაზე დიდი პრობლემაა საზოგადოების დამოკიდებულება სექსუალური განათლების მიმართ.

ძალიან ბევრ მშობელს ჰგონია, რომ სექსუალური განათლებაზე საუბარი ნიშნავს სექსუალურ ურთიერთობებზე ინფორმაციის მიწოდება. რეალურად ეს ასე რაა.

ამ ტერმინის განმარტება სწორად უნდა მოხდეს. ეს არის სწორი ინფორმაციით შეიარაღება.  სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება. რადგან მოსახლეობას  არასწორი წარმოდგენები აქვს, ისინი ეწინააღმედეგებიან ამ ყველაფერს“. – ამბობს ხაჟომია „ფორტუნასთან“.

კითხვაზე, როგორ უნდა დავიცვათ 4-5 წლის ბავშვი სექსუალური ძალადობისგან, ის ენდობა ადამიანს, რომელიც ოჯახის ხშირი სტუმარია. როგორ უნდა მიხვდეს, რომ ხიფათშია? ხაჟომია პასუხობს:

„სექსუალური განათლების საკითხები, ალბათ, სკოლამდელი ასაკის სახელმძღვანელოებშიც უნდა იყოს.

ყველა ბავშვმა საბავშვო ბაღიდან და დაწყებითი კლასიდან უნდა იცოდნენ, რომ არის ადგილები, სადაც ოჯახის წევრებს და ახლობლებსაც შეუძლიათ შეხება და არის კატეგორიულად აკრძალული ადგილები, სადაც ოჯახის წევრიც კი არ უნდა შეეხოს.  მან ამ შემთხვევაში უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს.

 

ამ მხრივ იმდენად ჩამორჩენა გვაქვს, რომ საბავშვო ბაღში კი არა, მე თუ მკითხავთ, მაღალი კლასის ბავშვებსაც არ აწყენდათ ეს ინფორმაცია, რაც მათ ამ წუთას არ აქვთ.

ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ექსპერტებსა და პედაგოგებს შევხვდეთ. ეს შემთხვევები ერთჯერადი ხომ არაა. სულ რაღაც ხდება, ძალიან ბევრი საშინელი ინფორმაცია მოდის ჩვენთან.

შევხვდით ბიოლოგიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს. სახელმწიფო მათ ამ საკითხზე საუბარს არ ავალდებულებს, მაგრამ ბევრს ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება, ყველაფერს ჩვენ ხომ არ ვასწავლით,  ყველაფერზე ხომ არ შეგვიძლია, ინფორმაცია მივაწოდოთ. მერე ამას მშობლები როგორ გაიგებენ? იკითხეს მასწავლებლებმა.

მე აქ უკვე კომპლექსურ პრობლემას ვხედავ… პედაგოგებთან მუშაობა სხვა დონეზეა საჭირო.

 

რა თქმა უნდა აუცილებელია, მშობლებთან მუშაობა. ახლა ეს აჟიოტაჟი გადაივლის და ისევ გაჩნდება კომენტარები, რომ არ გვინდა სკოლებში სექსუალური განათლება.

ყველა ერთად უნდა მიხვდეს, რომ ბავშვისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია და ერთი რამ კიდევ თამამად შეიძლება ითქვას.

მსოფლიოში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ სექსუალურ საკითხზე დაველაპარაკებით მოზარდს, ის უფრო ფრთხილი ხდება. ეს არანაირად არ გამოიწვევს მათ სექსუალურად გააქტიურებას. ეს სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია. ამიტომ მშობლებს ამის შიში ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ“. – აღნიშნა ხაჟომიამ.

 

რა იწვევს 65 წლის ასაკში მსგავსი ქმედების ჩადენის სურვილს

 

„ამ შემთხვევაში ჩვენ მივდივართ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემამდე, რომელიც ასევე ძალიან პრობლემატურია ჩვენს ქვეყანაში.

არ არის გამოკვეთილი პროგრამები, რომელიც განკუთვნილი იქნება ადამიანებისთვის, რომლებსაც ფსიქიკური – მენტალური პრობლემები აქვთ.

პედოფილია მენტალურ პრობლემებთან არის კავშირში, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ მისი დადგენა შეუძლებელია. ამიტომ ერთადერთი გზა პრობლემის მოგვარების არის მოსახლეობისა და განსაკუთრების მშობლების ცნობიერების ამაღლება.

მშობლების დამოკიდებულება შვილების მიმართ ხანდახან ზერელეა. ნაკლები პასუხისმგებლობით ექცევიან ბავშვებს, ადვილად უშვებენ გარესივრცეში. კვლევებით დასტურდება, რომ ძალადობა სამწუხაროდ ხდება იმ ადამიანისგან, რომელიც ოჯახის ახლობელია.  „განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ და იგეგმება საპილოტე პროგრამა, რომელიც პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება“. –  განმარტა ხაჟომიამ და დასძინა, რომ სექტემბრიდან რამდენიმე სკოლაში საპილოტე პროექტი ჩაეშვება.

საპილოტე პროგრამაზე დეტალურად განათლების სამინიტროს ვესაუბრეთ.

 

როგორ ხედავს განათლების სამინისტრო პრობლემის მოგვარების გზას

 

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლებში სქესობრივი განათლების ფარგლებში გარკვეული საკითხები უკვე ისწავლება, ხოლო, დაწყებით საფეხურზე საპილოტე პროგრამის განხორციელება იგეგმება.

“ნაადრევ ქორწინებასთან და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები ბიოლოგიასა და სამოქალაქო განათლების საგნებშია გაშლილი, რაც ნიშნავს, რომ მისი სწავლა სავალდებულოა ყველა სკოლისთვის და ყველა მოსწავლისთვის.” – ამბობს უწყება “ფორტუნასთან” საუბრისას.

 

 

გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული საკითხები მეშვიდე კლასში ისწავლება. მე-8, მე-9 კლასში შემოდის საკითხები რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე, ნაადრევ აბორტზე, ნაადრევი სქესობრივი ცხოვრების თანმხლებ რისკებზე. ნაადრევ ქორწინებას, როგორც ადამიანის უფლების შეზღუდვის შესაძლო წინაპირობას, მოსწავლეები სამოქალაქო განათლებაში სწავლობენ.

რაც შეეხება დაწყებით საფეხურს, დაგეგმილია, ექიმის საათის ფარგლებში, რამდენიმე სკოლაში დაიწყოს UNESCO-ს სტანდარტით დამუშავებული საკითხების პილოტირება. ვმუშაობთ გაეროს მოსახლეობის ფონდთანაც, რადგან სამინისტროს სურვილია, მათთან ერთად მოხდეს საბოლოო დოკუმენტის შემუშავება.

თუმცა, პილოტირებამდე დაგეგმილია შეხვედრები და მუშაობა მშობლებთან, იმისათვის, რომ გავაცნოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხები მათი შვილებისთვის. ამასთან, გავიგოთ მათი მოსაზრებები, რათა მათთან შეთანხმებით ჩამოყალიბდეს საბოლოო ვერსია“. – განუცხადეს „ფორტუნას“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.