სახალხო დამცველი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.
დღეს ომბუდსმენის აპარატმა გამოაქვეყნა ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგები, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია.
ნინო ლომჯარიას მიმართვას აფასებენ “ქართულ ოცნებაში”.
მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველის განცხადება რელევანტური არ არის და პოლიტიკურ შეფასებას ჰგავს.
როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, შეწყალებაზე საუბარი პოლიტიკური მიკერძოებით არის გამოწვეული:
“განცხადებები, რასაც აკეთებს ომბუდსმენი, რომ რომელიმე ბრალდება უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, მგონი ცოტა “შორს მიმავალია”, არ მგონია რელევანტური იყოს, უფრო ალბათ, პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება აიხსნას. აქ არ არის რაიმე კრიტერიუმი, როდის შეიძლება პრეზიდენტმა შეიწყალოს ან არ შეიწყალოს, ამიტომ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. მიზეზად რაც არის დასახელებული, რომ უნდა შეიწყალოს, ამას არ ვეთანხმები, ეს უფრო მეტად განპირობებულია პოლიტიკური მიკერძოებით ვიდრე პროფესიონალური დაკვირვების შედეგებით.
ხშირად მესმის ბრალდებები და მოსაზრებები ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს უფრო მეტად ჰგავს პოლიტიკურ შეფასებებს, ვიდრე სამართლებრივს. ეს უფრო მეტად არის საკითხი, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი შეფასება და მხოლოდ სამართლებრივი შეფასების შემდეგ შეიძლება გაკეთდეს პოლიტიკური შეფასება, სამართლებრივად უნდა შეფასდეს და არა უკუღმა”, – აცხადებს სარჯველაძე.
“ქართული ოცნების” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, სახალხო დამცველს “რატომღაც მხოლოდ ერთი, ან ორი პატიმარი ახსენდება”:
“დღევანდელ პირობებში, როდესაც მთელი ქვეყანა ვართ მობილიზებული იმისთვის, რომ მოხდეს სტატუსის მინიჭება ქვეყნისათვის, სახალხო დამცველს რატომღაც მხოლოდ ერთი, ან ორი პატიმარი ახსენდება. მე კითხვა ერთხელ დავსვი და პასუხი ვერ მივიღე იმიტომ, რომ არ არსებობს.
თუ არსებობს ისეთი პატიმარი, რომლის მდგომარეობაც ისეთ დეტალებში იცის სახალხო დამცველმა, როგორც მაგალითად იცის, ამ შემთხვევაში პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.
ანუ გამოდის, რომ ამ შემთხვევაში სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ირჩევს შერჩევით სახალხო დამცველობას და შერჩევით ადამიანის უფლებების დაცვას.
ეს არის მისი პრობლემა, ამიტომაც აქვს მას ისეთი დაბალი რეიტინგი, როგორიც აქვს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ირაკლი ზარქუამ კი საკითხის კომენტირებისას ნინო ლომჯარიას რჩევა მისცა.
“ქალბატონ ლომჯარიას მე ვურჩევდი, რომ რაღაც ადეკვატური თემებით დაკავდეს. რატომ ფიქრობს აპრიორი შეწყალებაზე რატომ მიჰყავს საქმე. იქნება და ბატონ გვარამიას აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მართალია და მეორე ინსტანციაზე იდავოს. თუ არა და აგერ არის საერთაშორისო არბიტრაჟი, პირდაპირ შეწყალებაზე რატომ გადავიდა, არ არის ეს თემა მისი, შეეშვას”,- ამბობს ზარქუა.