LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა არა სოლიდარობა, არამედ უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა“ – „ოცნებამ“ უკრაინაზე სხდომა ჩაშალა

87
შალვა პაპუაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის თემაზე პარლამენტში ოპოზიციის მიერ ინიცირებულ რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სხდომას უმრავლესობის 82 დეპუტატიდან არც ერთი არ დაესწრება. დარჩენილი 61 ოპოზიციონერი დეპუტატი კი ვერ შეკრავს კვორუმს, ანუ ვერ მოაგროვებს 76 ხმას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის მიერ „რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა არა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადება, არამედ „უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა“.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმართა პრეზიდენტს დღეს, 25 თებერვალს, მათ მიერ წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით.

ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია რიგგარეშე სხდომაზე და არა საგანგებო სხდომაზე, რომელიც, მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ იმართება.

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღნიშნული სხდომის მოწვევის განკარგულებას, რაც, თავის მხრივ, განვმარტავ, რომ წარმოადგენს პრეზიდენტის ფორმალურ უფლებამოსილებას, ვინაიდან კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი არ შედის მოთხოვნილი სხდომის დღის წესრიგის პარლამენტის რეგლამენტთან შესაბამისობის თუ მისი მიზანშეწონილობის განხილვაში.

როგორც იცით, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინვე განაცხადა, რომ ის არ დაესწრება რიგგარეშე სხდომას ორი მიზეზის გამო:

1. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ორივე საკითხი ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს. კერძოდ, პირველი საკითხი ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის დაბარებას, რაც არა ამ ფორმით, არამედ თავად პარლამენტის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, ხოლო მეორე საკითხი საერთოდ არ ჯდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ რომელიმე ფორმატში;

2. ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის ნაწილისგან ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ამ სხდომის გამართვის რეალური მიზანი არა საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვა და უკრაინელ ხალხთან სოლიდარობაა, არამედ უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პარლამენტის სხდომის საზოგადოებაში განხეთქილების და დაპირისპირების გამოწვევის სურვილია,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოითხოვა, რაზედაც მოგვიანებით მზაობა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც გამოხატა.

magti 5g