LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ შეიძლება ხორბალი ვერ ჩააბარო? აქ საუბარია ფასზე, მათთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის“ – ოთარ შამუგია

153
შამუგია (1)

„როგორ შეიძლება ხორბალი ვერ ჩააბარო? აქ საუბარია ფასზე, მათთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის – მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, რომ ეს საკითხი ისე გადაწყდეს, რომ არ მოხდეს პურზე ფასების მატება“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, პრიორიტეტულია, რომ პურის ფასის კლების დინამიკა შენარჩუნდეს და ფერმერებს ხორბლის რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცეთ.

„აგროდაზღვევის ფარგლებში ანაზღაურებული ზარალი 67 მლნ ლარს აღემატება“ – რამდენი საწარმო დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამით

„ჩვენ ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია, ხორბლის ნაწილში ფერმერებს დავეხმაროთ და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ. ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგი გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში 60%-ით გაიზარდა ხორბლის წარმოება. მოლოდინია, რომ 2023 წლის მოსავალი კიდევ უფრო მაღალი იქნება. ეს იმ მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი, რომელსაც ვახორციელებთ. შარშანვე დაახლოებით 6000 ჰექტრით გაიზარდა ხორბლის სათესი ფართობი ქვეყანაში. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ. მზად ვართ, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ჩვენს მწარმოებლებს, რომ მეტი მოსავალი, პროდუქტიულობა ჰქონდეთ.

იცით, რომ მსოფლიო ბაზარზე დიდ მწარმოებლებს ძალიან დიდი მოსავალი ჰქონდათ და ხორბლის ფასიც მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის შედეგად, წინა კვირას ვნახეთ, რომ პურის ფასიც შემცირდა. მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ეს პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს.

იმ ფერმერებს, ვისაც გარკვეული რაოდენობის პროდუქცია აქვს და ჩაბარება უწევს, ვერ დავეთანხმები, რომ ვერ აბარებენ ამ პროდუქტს. როგორ შეიძლება ხორბალი ვერ ჩააბარო? აქ საუბარია ფასზე, მათთვის დღეს არსებული ფასი მისაღები არ არის. ამ ადამიანებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, რომ ეს საკითხი გადაწყდეს ისე, რომ არ მოხდეს პურზე ფასების მატება, ეს არის უმნიშვნელოვანესი და პრიორიტეტული. პირიქით, შევინარჩუნოთ პურის ფასის კლების დინამიკა. ასევე, ფერმერებს მივცეთ შესაძლებლობა პროდუქციის რეალიზაცია განახორციელონ. ეს უნდა განხორციელდეს იმ საბაზრო ფასების პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არსებობს“, – აღნიშნავს შამუგია.

„2022 წელს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ღვინო“ – სად იყიდება ქართული ღვინო