ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა საგარეჯოში სროლის შედეგად დაშავებული 21 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალის“ დირექტორმა, მამუკა ოტიაშვილმა მიაწოდა.
„პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და განაგრძობს რეანიმაციურ განყოფილებაში ყოფნას. ოპერაცია რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. 21 წლის პაციენტს, რომელიც კრიტიკულად მძიმეა, აქვს ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა მუცლის ღრუსა და მარცხენა ბარძაყის მიდამოში – დაზიანებულია არტერია და ვენა, რომელიც აღვადგინეთ.
დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. პალატებში იმყოფებიან. დაგეგმილია კლინიკიდან ერთი პაციენტის გაწერა. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება“, – ამბობს ექიმი.
მისივე ინფორმაციით, საგარეჯოში სროლის დროს დაჭრილი 6 ადამიანი შეიყვანეს მათ კლინიკაში, თუმცა სამწუხაროდ, პოლიციელი უკვე გარდაცვლილი იყო.
„ერთი პაციენტი სპეციფიკური დაზიანების გამო თბილისში გადაიყვანეს, სამი ადამიანის დაზიანებები კი სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის“, – განაცხადა მამუკა ოტიაშვილმა „ფორტუნასთან“.
ექიმის ინფორმაციითვე, კლინიკაში მყოფი ოთხი პაციენტიდან სამი კონტაქტურია, რომლებსაც სამართალდამცავებმა ჩვენება უკვე ჩამოართვეს.
სროლის შედეგად დაშავებული გოგონა კი თბილისში კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადმოყვანილი. როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, უახლოეს პერიოდში ოპერაციის გაკეთება იგეგმება.
ამავე თემაზე:
ვინ არის საგარეჯოში სროლის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
თვითმხილველი: დაჭრილი 2 საათი სახლში მყავდა, ჭრილობა დავამუშავე, გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა