LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც, დიდი ალბათობით, გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას მივიღე, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს

126
მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერილს ავრცელებს.

წერილში, რომელიც კლინიკასთან ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ წაუკითხა, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ხერხემალზე დაუდგინდა ტრავმა, რომელიც, მისი ვარაუდით, გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას მიიღო:

“ვინაიდან ძალიან ბევრი სპეკულირებს ჩემი ჯანმრთელობის ირგვლივ, გადავწყვიტე პირადად ღიად ვისაუბრო ამაზე, თუ რას ვგრძნობ. MRT-ით ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით მივიღე გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას, ეს ტრავმა, როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. დღესდღეობით მაქვს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები და დღეში ზოგჯერ რამდენჯერმე ტკივილგამაყუჩებელ ნემსს მიკეთებენ. მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, ორივე ხელში და სულ უფრო ძნელად, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, განსაკუთრებით მარცხენა ხელს, მაქვს მუდმივი ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურებში.

ნეიროქირურგმა, რომელმაც გამსინჯა გამოთქვა ვარაუდი, რომ კუნთები შეიძლება მალე ჩაიკეტოს და შემდეგ იმის აღდგენა შეუძლებელი იქნება, მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს ზუსტად, მაგრამ ის რაც ვიცი ნამდვილად ასეა, რომ სულ უფრო მიჭირს გადაადგილება და ძირითადად წოლის რეჟიმში ვიმყოფები. MRT-ით ასევე თავის ტვინშიც დადგინდა გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ამ ყველაფერს ემატება რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში საკვების სრული მიუღებლობა.

საქმე იმაშია, რომ მხოლოდ მოწოდებებით, რომ არ ვიწვე და ვიკვებო, საქმე არ სწორდება, თორემ ვინც მიცნობთ ყველამ კარგად იცით, რომ ვერტიკალური მდგომარეობა არ მახასიათებს და არც უმადობას ვუჩიოდი ოდესმე. საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა, რისი მიღებაც საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია”, – აღნიშნავს სააკაშვილი მიმართვაში.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ “ვივამედში” 12 მაისს გადაიყვანეს.

magti 5g