თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ბრალდებულმა მესამე პრეზიდენტმა სიტყვის უფლებით ისარგებლა. მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას და საქართველოს და უკრაინის პოლიტიკურ პროცესებს დაუთმო.
სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილი გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებას, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა.
“ამასწინათ ერთ-ერთმა მისმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მახსოვრობა რომ დაეკარგა სააკაშვილსო, მალე ენმ-საც დაეკარგებოდა მახსოვრობაო, მე მინდა ვუთხრა, ოდესღაც ეს კაცი ადამიანი იყო, მერე ასე დეგრადირდა, ხდება ხოლმე.
მახსოვრობა შემთხვევით იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ თქვენმა ჩაფრებმა მიწაზე მათრიეს, შემთხვევით იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ ღამე საწოლში 200 წნევიანს მახრჩობდნენ, შემთხვევით იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ გადაძახილს მიწყობდნენ 24 საათი გლდანში, მახსოვრობა დამეკარგა, მაგრამ არა იმდენად რომ დამავიწყდეს. ჩვენ ხალხს არ დაეკარგა მახსოვრობა და ძალიან კარგად იცის რაზეა საუბარი”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, პროკურატურა სასამართლოში რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს.