საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, სადაც განმარტებულია, რომ „ბუკის სისტემა“ საქართველომ უკრაინისგან შეისყიდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკის სისტემების“ მიცემაზე უარის თქმა!
პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს ბუკის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი – პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც ბუკის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს.
ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები ბუკისთვის. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი ჯაველინების უკრაინისთვის სესხებაზე.
ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში“. – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, უკრაინის დროებითი რწმუნებულის საქართველოში, ანდრი კასიანოვის განცხადებით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკ“-ის სისტემების დაბრუნება სთხოვა, მოთხოვნა მოიცავდა „ჯაველინის“ სისტემებსაც.