LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მასშტაბით,108 სკოლა და 687 კლასი დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, თბილისის ბაღების ნახევარზე მეტი კი დიდი ალბათობით, მომდევნო კვირას გაიხსნება

75
ბავშვები სკოლაში

ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროდან ავრცელებს.

რაც შეეხება დაინფიცირების მაჩვენებელს, უწყების ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ვაქცინაციის პროცესი კვლავ გრძელდება. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%.

„სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა. კვლავ აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.

სკოლის პერსონალს, მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით ინტენსიურად უტარდებათ.

Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე,“- აცხადებენ სამინისტროში.

განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

მათივე ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით, მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში „ფორტუნას“ განუცხადეს, ამ დროისთვის, პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის „კოვიდ-19“-ის შემთხვევების დადასტურების გამო, ბაღების ნახევარზე მეტი – 98 ბაღი დახურულია.

სააგენტოში ვარაუდობენ, რომ მომდევნო კვირიდან საბავშვო ბაღების უმეტესობაში სააღმზრდელო პროცესი განახლდება.

მათივე ინფორმაციით, მომსახურე პერსონალი ბაღების გახსნამდე კოვიდ ინფექციაზე შესაბამის ტესტს ჩააბარებენ, სასწავლო პროცესი კი, მხოლოდ შედეგების შემდეგ განახლდება.

პოპულალურები