LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე 90 წლის გახდა

251
ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 90 წლის გახდა.

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი. ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაურ-შიოლაშვილი, დაიბადა 1933 წელს ქ. ორჯონიკიძეში, სადაც 1927 წ. მისმა მშობლებმა შეიძინეს ბინა და დროებით იქ დასახლდნენ.

მამამისი – გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი, დაიბადა ყაზბეგის რაიონის სოფ. სნოში, ხოლო დედა, ნატალია იოსების ასული კობაიძე – სოფ. სიონში, ყაზბეგისავე რაიონში.

ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან მოდის. ვახტანგ გორგასლის დროს თავი გამოუჩენია ბრძოლაში ვინმე სნოს. მეფეს, სნოს თხოვნით, მოუნათლავს მისი ვაჟი და ღუდუშა უწოდებია, სნოს სახელზე კი ციხე აუშენებია. ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ სახელოვანი ვაჟკაცნი იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. შიოლა ღუდუშაური VII საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა.

იგი ყოფილა მფლობელი ღუდუშაურთა ხეობისა. შიოლა ღუდუშაურის სახელი რომ არ დაკარგულიყო, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილის გვარი მიიღო. არსებობს გადმოცემა, რომ შიოლა ღუდუშაურის დედა ბაგრატიონი იყო, სამეფო სახლიდან და მას ამიტომ „მეფიანთ ქალს“ ეძახდნენ აგრეთვე არსებობს ცნობები ღუდუშაურებისა და ვაჟა-ფშაველას ნათესაობის შესახებ.

უწმიდესი და უნეტარესი ილია მონათლული იქნა ქ. ორჯონიკიძის ქართულ ეკლესიაში. მისი ნათლია იყო მონაზონი ზოილე (დვალიშვილი) ყოფილი წინამძღვარი ბედიის მონასტრისა, ხოლო ბოლო ხანებში კი – წინამძღვარი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრისა. იქვეა დასაფლავებული.

საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, 1952 წელს, ირაკლი ღუდუშაურმა სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაასრულა 1956 წელს წარჩინებით და იმავე წელს მიღებულ იქნა მოსკოვის სასულიერო აკადემიის I კურსზე. 1960 წელს აკადემიაც ასევე წარჩინებით დაამთავრა.

1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის კურთხევით, ირაკლი შიოლაშვილი თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში აღკვეცილ იქნა ბერად და ეწოდა სახელად ილია, იმავე წლის 18 აპრილს ბერი ილია სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკონად (სიტყვა „ილია“ ნიშნავს ღვთის ძალას, ხოლო ირაკლი – „ჰერკულესს“, ძლიერებას).

1959 წლის 10 მაისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესმა პატრიარქმა ალექსიმ ბერი ილია აკურთხა მღვდელ-მონაზვნად.

აკადემიის IV კურსზე სწავლისას მღვდელ-მონაზონმა ილიამ დაწერა საკანდიდატო შრომა ბიზანტიოლოგიის დარგში თემაზე „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. აკადემიის დამთავრების შემდეგ, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს მიერ დატოვებულ იქნა აკადემიაში საპროფესორო სტიპენდიატად, მაგრამ მას სურდა, მალე ჩამდგარიყო თავისი საყვარელი ქართული ეკლესიისა და მისი ხალხის სამსახურში და დაბრუნდა საქართველოში, სადაც უწმინდესისა და უნეტარესის კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ განწესებულ იქნა მღვდელმსახურად ბათუმის საკათედრო ტაძარში, სადაც 1960 წლის 19 დეკემბერს იგი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის ხარისხში.

1963 წლის 26 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ, ქართული ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად, ამავდროულად იგი დანიშნეს მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველ რექტორად.

1967 წლის 1 სექტემბერს უწმიდესი და უნეტარესი ილია II აკურთხეს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად და იმავე წელს აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

1972 წელს განთავისუფლებულ იქნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორობიდან მისი პირადი თხოვნით. ამავე წელს მიიღო ჯილდოდ მეორე პანაღიის ტარების უფლება, 1975 წელს კი – უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა.

უწმიდესი და უნეტარესი ილია დაჯილდოებულია საქართველოსა და სხვა ეკლესიათა ორდენებით.

მიტროპოლიტი ილია გულმოდგინედ ასრულებდა და ასრულებს მშობლიური ქართული ეკლესიის ტკბილ-მწრე სამსახურს; უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქთა ლოცვა-კურთხევით ეწეოდა დაუცხრომელ მამულიშვილურ მოღვაწეობას, იღებდა მონაწილეობას მრავალ ფორუმში მშვიდობის დაცვისათვის, როგორც მათ უწმიდესობასთან ერთად, ასევე მათი ლოცვა-კურთხევით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, ქართული ეკლესიის უწმიდესი სინოდის გადაწყვეტილებით, დადგენილ იქნა ქართული ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ.

1977 წლის 23 დეკემბერს სრულიად საქართველოს მეთორმეტე საეკლესიო კრების მიერ არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსად, ხოლო იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g