საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„როგორც იცით, ქვეყანაში იყო 16 გამოჯანმრთელებული, აქედან 15 იყო ჩვენი. ამ 15 ადამიანს დაემატება ორი და იქნება 17 გამოჯანმრთელებული ჩვენს ცენტრში, ჯამში კი 18. გაგიხარდებათ, 17 გამოჯანმრთელებულიდან ორი ბავშვია. 5 ბავშვი, რომელიც ჩვენთან იყო მოთავსებული, მათგან ერთმა კლინიკა დატოვა და სულ გამოგვივა, რომ 5 ბავშვიდან ორი გამოჯანმრთელებული ბინაზე გადავა და სამი დარჩება. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება “,-განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, მათი რიცხვი ბოლო რამდენიმე საათია, არ შეცვლილა. საქართველოში ამ ეტაპზე, კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული.
საკარანტინო რეჟიმში 4695 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231.