ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ გვარამიას დაპატიმრება არ არის პოლიტიკური შურისძიება.
„სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს ამაზე ფართო წრეს სასჯელებისას, თუმცა, ვიდრე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არ ვნახავ, გამიჭირდება თქმა, რატომ განსაზღვრა სასამართლომ ეს სასჯელი, თუმცა, ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ზიანის მოცულობა და ბევრი სხვა ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს მკაცრი სასჯელის არჩევას.
რა უნდა გააკეთოს სასამართლომ, გასაგებია, პოლიტიკურად აქტიურ პირზეა საუბარი, მაგრამ ჩადენილია დანაშაული. იმის გამო, რომ სადღაც ვინმე ნეგატიურად შეიძლება იყოს განწყობილი სასამართლოს მიმართ, ამის გამო უნდა გაჩერდეს მართლმსაჯულება პირების მიმართ, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილნი?! ეს ხომ მართებული არ იქნება. ეს დამაბრკოლებელი გარემოება ვერ იქნება სასამართლოსთვის, რომ მართლმსაჯულება აღასრულოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, სარჯველაძე მიიჩნევს, რომ არც ის აჩენს კითხვებს, როცა სამი ოპოზიციური მედიამენეჯერის მიმართ არის ბრალდებები სასამართლოში და აცხადებს, რომ ყველა ეს არხი “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის დაკავშირებული, რომლის მმართველობისთვის დანაშაულის ჩადენა დამახასიათებელი იყო.
“ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ. სინამდვილეში მათი მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი, რომ ხშირად ჩადიოდნენ დანაშაულებს და მე არ მგონია, რომ ეს მოწმენდილ ცაზე მეხს წარმოადგენდეს, რომ პირები, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” არიან დაკავშირებულნი დანაშაულებს ჩადიოდნენ,”- განაცხადა სარჯველაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებასაც და აღნიშნა, რომ მან მცდარი შეფასება გააკეთა.
„არ მგონია, რომ სახალხო დამცველმა კორპორაციული სამართლისთვის დიდი აღმოჩენა გააკეთა, მცდარი შეფასებაა გაკეთებული, როცა ნათქვამია, რომ იმთავითვე გამოირიცხება მართლწინააღმდეგობა მოცემულ შემთხვევაში,”- განაცხადა სარჯველაძემ.
მსგავსი პოზიცია აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილსაც. ის მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ დევნაზე საუბარი არადამაჯერებელი იქნება საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც.
ამასთან, მაჭარაშვილის სიტყვებით, „ზედმეტი, მოჭარბებული ემოციები და პოლიტიკური განცხადებები არის უსაფუძვლო”.
“მგონი, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, საერთაშორისო ინსტიტუტებმა, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლომ კარგად დაინახეს ის, რომ საქართველოში ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მედიასაშუალებების ნაწილი ე.წ. დემოკრატიის ფარით სარგებლობს, ვითომ დემოკრატიის დაცვით სჩადიან არაკანონიერ ქმედებებს.
სამართალდარღვევა ჩაიდინო და გინდა პასუხისმგებლობას გაექცე იმიტომ, რომ პოლიტიკოსი, საჯარო პირი ან მედიასაშუალების დამფუძნებელი ხარ, ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივ სახელმწიფოს. საუბარი მათი მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე უკვე არის მიუღებელი მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისთვისაც და საერთაშორისო ინსტიტუციებისთვისაც მაშინ, როცა საერთაშორისო სასამართლომ ამ რადიკალურ ოპოზიციას და მათ, ვინც ამბობდა რომ კანონიერად ფლობდა “რუსთავი 2″- ს, გადასცეს სავიზიტო ბარათი, რომლითაც დადგინდა, რომ არაკანონიერად ფლობდნენ ამ მედიასაშუალებებს, ამ ფონზე არავინ დაიჯერებს პოლიტიკურ დევნას,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, ევროკავშირს გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენის გამო კითხვები არ გაუჩნდება. რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან გვარამიას შესაძლო შეწყალებას, დავითულიანი აცხადებს, რომ ეს პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა, “ნიკა გვარამია თავად ამბობდა, რომ არ სჭირდება მისი შეწყალება და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა”.
“სასამართლომ მიიჩნია, რომ ნიკა გვარამიამ გადადგა ნაბიჯები “რუსთავი 2”- ის საწინააღმდეგოდ და გამოუტანა ის გადაწყვეტილება, რაც გამოიტანა. რა შეფასებებს აძლევენ პოლიტიკური ოპონენტები ამას, ეს სამართალთან მიმართებით მეორეხარისხოვანია. სარჩელი იყო ინიცირებული “რუსთავი 2”- ის დამფუძნებლის მიერ “რუსთავი 2”- ის ინტერესების დაზიანებაზე, რა შუაშია ხელისუფლება? ნიკა გვარამია რომ არ იქნება, “მთავარი არხი” გაქრება თუ რა მოხდება?!”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.