LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშინელ მდგომარეობაშია, ზოგს ძირი აქვს გავარდნილი – კალაძე მიკროავტობუსების ჩანაცვლებას გეგმავს (ვიდეო)

218
123

კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, ორი კვირის ვადა მისცა, რომ კონკრეტული გეგმა წარმოადგინოს, რათა 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს. როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია მიკროავტობუსების ამ მდგომარეობაში ხილვა ქალაქში.

„საშინელ მდგომარეობაშია გამონაბოლქვის თვალსაზრისით, ზოგს საერთოდ ძირი აქვს გავარდნილი. არ ვაპირებ რამდენიმე წელი ველოდოთ, როდის მოხდება ჩანაცვლება. მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ უმოკლეს ვადაში, მაქსიმუმ ორ კვირაში კომპანიასთან, რომელთანაც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა ხელშეკრულება, თუ არ ვცდები 2030 წლამდე, მჭიდრო კომუნიკაციით დაიწყეთ მოლაპარაკება, რომ დავიწყოთ მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი”, – განაცხადა თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე.

 

კალაძემ სხდომის დაწყებამდე ასევე განაცხადა, რომ აქამდე მიკროავტობუსებთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია, რადგან კომპანია „სისტრას“ კვლევის შედეგებს ელოდა. მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ მიკროავტობუსების როლი მნიშვნელოვანია,  ქალაქის ქუჩების გაბარიტებისა და ავტობუსების მოცულობიდან გამომდინარ კი, ყველა ქუჩაზე შეუძლებელი იქნება იმ ავტობუსები მოძრაობა, რომელიც მერიას შემოჰყავს.

 

“კვლევა გვაჩვენებს, რომ მიკროავტობუსები აუცილებელია, შესაძლოა, არა იმ რაოდენობით, რაც იყო თავდაპირველად, მაგრამ ინტეგრირება მეტროსთან, ავტობუსებთან მნიშვნელოვანია. აქ დღეს გვაქვს მეორე პრობლემა – ამ ავტობუსების მდგომარეობა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. არ უნდა გვეწყინოს, როდესაც საზოგადოება გამოთქვამს უკმაყოფილებას ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში, რაც ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება დავიწყეთ, ძალიან დაიკლო მიკროავტობუსებში მგზავრების რაოდენობამ. რა თქმა უნდა, ყველას აქვს სურვილი განახლებული, მოწესრიგებული ავტობუსებით იმგზავროს”, – განაცხადა კალაძემ.

 

კალაძემ ასევე მეტროს მოდერნიზაციაზეც ისაუბრა:
დავიწყეთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია, ვაგონების დამატება, სადგურების რეაბილიტაცია, რომელიც გაჭიანურდა, თუმცა ყველაფერი გაკეთდება ხარისხიანად და სამუშაოებს მივიყვანთ ბოლომდე”.