3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაკარგულ 4 წლის გიორგი ხორბალაძეს ამ დრომდე ეძებენ.
ინფორმაციას ფეისბუკის ჯგუფში „რაჭა“ ერთ-ერთი მოქალაქე ავრცელებს:
„ჯერ კიდევ ვეძებთ. გიორგი ხორბალაძე, 4 წლის“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
მამიდა გადმოსვენებულია, მამიდაშვილს და მის პატარა ანგელოზს ჯერ ვერ მივაკვლიეთ – გიორგი ხორბალაძე
შეგახსენებთ, პატარა გიორგი შოვში სტიქიის დროს დედასთან – მანანა ჯაჭვაძესთან და ბებიასთან – მარინე ხორბალაძესთან ერთად იმყოფებოდა.
მარინე ხორბალაძის ცხედარი მაშველებმა იპოვეს, ამის შესახებ მარინა ხორბალაძის ნათესავმა, გიორგი ხორბალაძემ სოციალურ ქსელში 8 აგვისტოს დაწერა.
„სამწუხაროდ, ჩვენი ოჯახის 3 წევრი მოყვა მეწყერში, მამიდა ( მარინე ხორბალაძე) გადმოსვენებულია, მამიდაშვილს (მანანა ჯაჭვაძეს და მის პატარა ანგელოზს (გიორგი ხორბალაძეს) ჯერ ვერ მივაკვლიეთ.. ყველას დიდი მადლობა სამძიმრისთვის და ამ ტკივილის გაზიარებისთვის.. სამძიმრები და პანაშვიდი: ქ რუსთავი, ყაზბეგის 2 გასასვლელი N:9. გადასვენება 12 საათზე რუსთავიდან საგარეჯოს რაიონი სოფელი ყანდაურა… უფალმა გაგვაძლიეროს და გადაგვატანინოს ეს ტკივილი“, – დაწერა გიორგი ხორბალაძემ.
შეგახსენებთ, შოვის სტიქიის შედეგად დაღუპული 21 ადამიანიდან 19-ია იდენტიფიცირებული. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს 12 დაკარგული ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი ან რაიმეს სახის ფრაგმენტი ნახონ.