LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიდნეიში “ლოკდაუნს” 300 სამხედრო გააკონტროლებს

73
1

კოვიდ 19-ის ე.წ. “დელტა” შტამის საგანგაშო გავრცელების გამო, ავსტრალიის ხელისუფლებამ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო და “ლოკდაუნის” რეჟიმის გასაკონტროლებლად, სიდნეიში ასობით ჯარისკაცის განთავსების ბრძანება გასცა.

ახლა ქალაქის ქუჩებში კოვიდრეგულაციების კონტროლს სულ მცირე, 300 ჯარისკაცი უზრუნველყოფს.

გადაწყვეტილების შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს და განმარტეს, რომ სამხედროები ავსტრალიის უდიდეს ქალაქში ვირუსის გავრცელების შეკავებას შეეცდებიან.

ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციის უფროსმა მიკ ფულერმა აღნიშნა, რომ მისია შეიძლება დაიწყოს ორშაბათს საღამოს, სამხედრო ოპერაცია კი გულისხმობს კარდაკარ შემოვლასა და მოქალაქეების შემოწმებას, რომლებსაც სახლიდან გასვლა ეკრძალებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი სავარჯიშოდ, საყიდლებზე ან სხვა აუცილებელი მიზეზის გამო ტოვებენ საცხოვრებელს.

შეგახსენებთ, ავსტრალიის უდიდეს ქალაქში, სადაც 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აგვისტოს ბოლომდე ლოკდაუნია გამოცხადებული. თუმცა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მნიშვნელოვანია პრევენციული ზომები, რადგან უკვე რამდენიმე კვირაა, ზღვისპირა პარკებსა და ბილიკებზე ხალხმრავლობაა.

“აქ ხშირად ნახავთ ადგილობრივებს, რომლებიც მეგობრებთან ერთად ყავას მიირთმევენ და საუბრობენ”, – წერენ მედიასაშუალებები.

“შეზღუდვების დარღვევების გამო, პოლიცია სულ უფრო მეტ ადამიანს აჯარიმებს. სამხედროების განლაგებამ უნდა შეუწყოს ხელი ამ ძალისხმევას”, – ამბობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, ავსტრალია არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის მხრივ, საუკეთესო შედეგები აჩვენა, ეს კი ძირითადად განპირობებული იყო კუნძულ-კონტინენტის საზღვრის ძალიან მკაცრი კონტროლითა და ჩაკეტვით.

“ამჟამად ქვეყანა დღეში ასობით ახალ შემთხვევას არეგისტრირებს, რაც ართულებს ეპიდმოკვლევებს. ეს რიცხვი, შესაძლოა უმნიშვნელო ჩანდეს სხვა ქვეყნებში ინფიცირების შემთხვევებთან შედარებით,თუმცა ეს გამოწვევაა ავსტრალიისთვის, რომელმაც თავიდანვე აირჩია “ნულოვანი შემთხვევების” სტრატეგია”, – წერს სხვადასხვა გამოცემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები