”სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ, საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო. მათ შორის, ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში”. ამის შესახებ, განცხადება აშშ – ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
”სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, რომელიც საომარ მოქმედებამდე და მას შემდეგ მოხდა.
სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები.
განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ”ხელშეკრულებების” დადებით საქართველოს ორ რეგიონთან.
ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი”. – აღნიშნულია, განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ 21 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას საქმე მოუგო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება.