LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩხეიძე: „დემნა გვასალიამ მითხრა, რომ როგორც კი ამის საშუალება ექნება, აუცილებლად ჩამოვა საქართველოში…“

755
tako-chxeidze-gvasalia

თაკო ჩხეიძეს დემნა გვასალიასთან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს და მის ყველა ჩვენებაზე მიწვევას იღებს. გარდა ამისა, თაკოს „ჯეომოდელსის“ მოდელები უკვე მესამე სეზონია, მონაწილეობენ „ვეტმანის“ ჩვენებებში. ახლახან ის „ვეტმანის“ მორიგი კოლექციის წარდგენას პარიზში დაესწრო და „არტ ფმ“-ში, თათა სადრაძეს გაუზიარა მიღებული შთაბეჭდილებები.

თაკო ჩხეიძე:

რამდენიმე დღეა, დავბრუნდი პარიზიდან. დემნამ კვლავ გაგვაოცა თავისი კრეატიულობით და სავსე ვარ შთაბეჭდილებებით. მართალია, „ჯეომოდელსის“ მოდელები უკვე „ვეტმანის“ მესამე ჩვენებაში მონაწილეობენ. წელს ჩვენმა ოთხმა მოდელმა გაიარა პოდიუმზე, მათ შორის არის ახალი სახე ნინი ელიზბარაშვილი. ყველას ძალიან უხარია დემნასთან მუშაობა, რადგან ის არის საოცრად თბილი, თავმდაბალი და უშუალო.

ყველა შევთანხმდით და ვაღიარებთ, რომ დემნა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩია. სახელი გაგვითქვა და ამაში დემნას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ყველამ იცის საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით, მოდის სფეროში.

ის კვლავ იყენებს ბავშვობის ნოსტალგიურ თემებს საქართველოდან.

რომელიმე კოლექციაში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ხომ არ იქცევა ინსპირაციად? თანაც, 20 ივნისს დაემთხვა მისი ჩვენება…

დიახ, ჩვენება 20 ივნისს იყო. ზუსტად ერთი წლის წინ მან მთელი კოლექცია საქართველოს მიუძღვნა. ის ყოველთვის აღნიშნავს, რომ არის სოხუმელი და გაიზარდა დევნილობაში. მაშინ ზუსტად ათ წუთში მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველოს ნაწილი არის ოკუპირებული და გაიგო ისიც, რა აქვს გადატანილი დემნას. ჩვენი ქვეყნის უმძიმესი ისტორია თავის კოლექციაში გადმოსცა. ესწრებოდა დიდი რაოდენობით პრესა, გავლენიანი ხალხი და უამრავ გამოცემაში დაიწერა ამ თემაზე.

ჩვენებებზე ქართველი მოდელების დაპატიჟება მისი იდეაა?

ზოგადად, დიდი მხარდამჭერია ქართული მოდის. თბილისის მოდის კვირეულზე ორჯერ იყო ჩვენი სტუმარი. ერთი წლის წინ, რადგან მთლიანი თემა იყო ქართული, ბევრი მოდელი წაიყვანა საქართველოდან. ძალიან სიამოვნებს ქართველი მოდელების მიწვევა პოდიუმზე. ყველას უხარია მასთან მუშაობა. ხუთი-ექვსი მოდელი მაინც ჰყავს ხოლმე საქართველოდან.

ხომ არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას უახლოეს მომავალში?

ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს. როგორც იცით, ორ სახლს ხელმძღვანელობს, „ბალენსიაგას“ და „ვეტმანს“. მთელი წელი აქვს გაწერილი. როგორც კი მოვახერხებ და მექნება საშუალება, აუცილებლად ჩამოვალ, გიგზავნით დიდ სიყვარულსო, დამაბარა.

მინდა, დავაანონსო სიახლე. 9 ივლისს „ჯეომოდელსში“ ძალიან დიდი კასტინგი გვექნება. ჩამოდის „ბრეივ მოდელსის“ წარმომადგენელი. მასთან დიდი წარმატებით ვთანამშრომლობთ. კასტინგი გაიმართება გოგონებისა და ბიჭებისთვისაც, ეძებენ ახალ სახეებს. ასე რომ, ვისაც აქვს სურვილი, შეუძლიათ ეს შანსი გამოიყენონ და მოხვდნენ საერთაშორისო შოუებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები