აშშ-ის სამხედროებმა გუშინ ავღანეთიდან 1 100 ამერიკელის გამოყვანა შეძლეს.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ევაკუირებულ პირებს შორის არიან აშშ-ის მუდმივი რეზიდენტები და მათი ოჯახის წევრები.
როგორც შტატების ხელისუფლებაში ამბობენ, ელოდებიან, რომ ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან, მათი ინფორმაციით, ავღანეთში კვლავ რჩება აშშ-ის უამრავი მოქალაქე.
პარალელურად, “თალიბანი” პირობას დებს, რომ უზრუნველყოფენ მოქალაქეების აეროპორტამდე უსაფრთხოდ მისვლას.
იმ შემთხვევაში კი, თუ თალიბები ევაკუაციის პროცესში ჩაერევიან და ხელს შეუშლიან, ამერიკული მხარე საპასუხო რეაგირებისთვის მზადაა.
ამის შესახებ ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკკენზიმ ისაუბრა და პირობა დადო, რომ აშშ ნებისმიერ თავდასხმას საპასუხო, დამანგრეველი ძალით შეხვდება.
“შეერთებული შტატების სამოქალაქო პირების და ჩვენი პარტნიორების დაცვა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას უსაფრთხო და ეფექტიანი გაყვანის უზრუნველსაყოფად.” – თქვა მან.
შეგახსენებთ, პენტაგონმა მოქალაქეების ევაკუაციისა და ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ავღანეთში ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი გაგზავნა. გუშინვე, ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ ავღანეთიდან საევაკუაციო ფრენებს დააჩქარებს.