თბილისის მერობის „ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისობა არ ჩატარდება.
„ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი.
დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით.
ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში“ – წერს კალაძე ფეისბუქზე.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა.
ამ დროისათვის ნაპოვნია 7 ცხედარი — 3 ბავშვი, 1 ასაკოვანი, 1 შუა ხნის ასაკის ქალი და 2 კაცი. გუშინ გვიან ღამით ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.
სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები 24 საათზე მეტია გრძელდება.
11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება