LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 2 საბაგირო აშენდება: ერთი მათგანის ღირებულება 30 მილიონი ევროა

393
656083

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა.

„მინდა, ყველა მათგანს წარმატებები ვუსურვო ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, თქვენ ხართ, ვინც ქმნით საქართველოს მომავალს. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს ვქმნით თქვენთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

იმისთვის, რომ ქალაქში გადაადგილება კომფორტული იყოს, დედაქალაქის მთავრობამ გადაწყვიტა, ორი საბაგირო გზის პროექტზე დაიწყოს მუშაობა.

„სატრანსპორტო  პოლიტიკა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც ბევრი პრიორიტეტისგან შედგება. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე მთლიანად ჩავანაცვლებთ ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც მგზავრებისთვისაც პრობლემას წარმოადგენს და ქალაქისთვისაც. როგორც მოგეცით პირობა, ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება.

მეტროს მიმართულებით დაწყებული გვაქვს მთელი რიგი ღონისძიებები, მეტროს ვაგონების განახლება და ახალი შემადგენლობების შესყიდვა. ზოგადად, როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და მიმართულებაა საბაგიროების პროექტების განხორციელება.

2016 წელს მერიის დაკვეთით საფრანგეთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, კომპანია „სისტრამ“, რომელთანაც დღესაც ვთანამშრომლობთ, თბილისის საბაგირო ტრანსპორტის კვლევა ჩაატარა. მისი მიზანი იყო, პოტენციური საბაგირო დერეფნების იდენტიფიცირება მომხდარიყო, რომელიც თბილისის საბაგირო ხაზების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ, რა თქმა უნდა, როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე დავიწყეთ საუბარი, ეს კვლევა გამოვიყენეთ და ადგილობივ კომპანიას „გეოგრაფიკს“ დავუკვეთეთ კონკრეტული დერეფნების გამოყოფა, სადაც შესაძლებელია საბაგიროს პროექტების განხორციელება.

2016 წლის კვლევის შედეგად ახმეტელი-თემქისა და სამება-მახათის არეალებში 12 პოტენციური საბაგირო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდა.

ამ 12 დერეფნიდან გამოიკვეთა 2 არეალი, სადაც ყველანაირად მიზანშეწონილია ახალი პროექტების განხორციელება.

ეს კონკრეტული მონაკვეთებია სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის პროექტები, რომლის მშენებლობის ხარჯები მთავრობის შუამდგომლობით, სასესხო შუამდგომლობის საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება. ამ 2 პროექტის განხორციელება მოხდება ეტაპობრივად.

პირველი, რომელიც ამ ორიდან განხორციელდება, ეს არის სამგორი-ვაზისუბნის პროექტი. უკვე  გამოყოფილია თანხები.  საუბარია 30 მილიონ ევროზე. სამგორი-ვაზისუბნის ტერიტორია მჭიდროდ დასახლებულია და ირგვლივ 40 ათასზე მეტი მაცხოვრებელია. საბაგირო ხაზი მოცემულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო მდგომარეობას გააუმჯობესებს. 

 

 

სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო ხაზი მეტროსადგურ სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიას ზღვის უბნის დასახლებასთან დააკავშირებს. ერთი სადგური აუცილებლად უნდა განთავსდეს თემქის ხევში. როგორც იცით, ვაპირებთ, თემქის ხევის რეაბილიტაციას და პროექტში გათვალისწინებული იქნება, რომ სადგურის შენობა-ნაგებობა თანამედროვე, ლამაზი და კომფორტული იყოს, რომ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ამ კონკრეტული საბაგიროთი ისარგებლონ.

სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო განთავსდება მეტროსადგურ “სამგორის” მიმდებარედ, ხოლო სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო, მეტროსადგურ “სარაჯიშვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე.
ივლისში ავიყვანთ კონსულტანტს, რომელიც დაგვეხმარება. სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში გამოვაცხადებთ ტენდერს და დავიწყებთ პროექტის განხორციელებას.
ცოტა მოგვიანებით, მეორე პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, – აღნიშნა კალაძემ.

კალაძემ საფრანგეთის განვითარების ფონდს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, სამგორი – ვაზისუბანის საბაგირო 1986 წელს გაიხსნა, რომელიც 2002 წლამდე ფუნქციონირებდა.

magti 5g