ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მომღერალი, თემურ წიკლაური ჰოსპიტალიზებულია. როგორც „ფორტუნასთვის“ გახდა ცნობილი, ბოლო ორი კვირაა, მომღერალს კორონავირუსის გამო გართულებები განუვითარდა და მისი რეანიმაციაში გადაყვანა და აპარატზე მიერთება გახდა აუცილებელი.
თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ნუგზარ კვაშალი გვესაუბრა. მან აღნიშნა, რომ ექიმები პაციენტის მდგომარეობის გაუმჯოსებას ელიან.
ნუგზარ კვაშალი:
უკვე ორი კვირაა, რაც თემურს კორონავირუსის გამო გართულებული აქვს მდგომარეობა და წევს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მანამდე სხვა კლინიკაში იწვა, თუმა რადგან გორის ჰოსპიტალში უკეთესი პირობებია, იქ გადაიყვანეს. თემურის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა, როგორც ეს კორონავირუსს ახასიათებს. თავიდან არ იყო ცუდად, გარკვეული პერიოდის შემდეგ პნევმონია განუვითარდა. ამჟამად აპარატზეა მიერთებული, თუმცა ეს გასაკვირი არ არის, ექიმები მკურნალობენ, რომ პნევმონია ალაგდეს. ექიმები გვეუბნებიან, რომ ორ-სამ დღეში იქნება გაუმჯობესება და ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედიანად ვართ განწყობილები. ყველას გვჯერა, რომ თემური ამ დაავადებას დაამარცხებს ისევე, როგორც უამრავმა ადამიანმა დაამარცხა. ორგანიზმი ცოტა დასუსტებული ჰქონდა, რადგან ასაკის გამო, და თემური აღარაა პატარა, გაუკეთდა რამდენიმე მცირე ოპერაცია. როგორც ჩანს, ვირუსი ამიტომაც მოერია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ველოდებით მის გამოჯანმრთელებას და ექიმებიც ამას ამბობენ. ყველაფერი კარგად იქნება!.. თემურს ძალიან ძლიერი ფილტვები აქვს…
ნინო მურღულია