„ჩვენ ძალიან დიდ, სასტიკ ომში ვართ. ომში, სადაც ორი მხრიდან უტევენ ქართულ სამოქალაქო დასავლურ საზოგადოებას – ერთის მხრივ მოსკოვი პირდაპირ და მეორეს მხრივ მოსკოვი არაპირდაპირ, ჩვენი ხელისუფლების ხელით“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სისტემატურად და სისტემურად მიმდინარეობდა შეტევა სამოქალაქო საზოგადოებაზე – როგორც მის მედია კომპონენტზე, ასევე მის არასამთავრობო ორგანიზაციების კომპონენტზე.
„ორივე მიმართულებით ორი წელია სისტემატურად და სისტემურად ხელისუფლება ახორციელებს აბსოლუტურად ბინძურ კამპანიას ამ ადამიანებისა და ორგანიზაციების მარგინალიზაციისთვის, სტიგმატიზაციისთვის.
ხან მტრებს, ხან მოღალატეებს, ხან კორუმპირებულებს ეძახის, „მდიდარი ენჯეოები“ ტერმინიც კი შემოიღეს, როგორც იმის მაჩვენებელი, რომ ეს ხალხი რეალურად საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და სხვა არაფერზე“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
ე.წ. უცხოელი აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით, ხიდაშელმა კი განაცხადა, რომ ეს „ბოლო პერიოდისთვის უპრეცედენტო პროტესტი, ერთობა და ერთსულოვნება იყო იმაზე, რასაც ხელისუფლება, ალბათ, ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენდა.“
„ამ კანონს თავი რომ დავანებოთ, საქართველომ დღემდე ისიც ვერ მოახერხა, რომ ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია გვქონდეს. 2018 წლის შემდეგ, უკვე მეხუთე წელი დაიწყო, ქვეყანას არა აქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია… 4 წელიწადში ერთხელ უნდა იცვლებოდეს. 2018-ში გაუვიდა წინას ვადა და შესაბამისად, ახალი უნდა მიგვეღო იმის შემდეგ“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, მტრული სახელმწიფო ვინ არის სწორედ იმ დოკუმენტებში უნდა გვქონდეს გაწერილი, რომელიც საქართველოს უბრალოდ არა აქვს, რაც, ხიდაშელის თქმით, პირდაპირ დანაშაულია.
„როგორ შეიძლება ნებისმიერ სახელმწიფოს და მით უმეტეს, ნაწილობრივ ოკუპაციის პირობებში მყოფ სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არ ჰქონდეს?!“, – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
თინა ხიდაშელი თბილისში გამართულ მასშტაბურ აქციებთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ ამ წუთის მდგომარეობით, ხელისუფლება ჩასაფრებულ მდგომარეობაშია. როგორც მან აღნიშნა, ემოციების ჩაცხრობის მოლოდინში არიან და შემდეგ რაღაცა ფუნდამენტური ნახტომისთვის ემზადებიან.
„ამ ეტაპზე ისინი გააგრძელებენ, რომ ჯერ ემოციები ჩაცხრეს, მაგრამ შეტევისთვის მზადების პოზიციაში ყოფნას. აუცილებლად დაუშვებენ შემდეგ შეცდომას, აი იმ შეცდომის მერე დაისჯებიან ხალხის მიერ“, – დასძინა ხიდაშელმა.
გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსისთვის ევროკავშირის რეკომენდაციებზე საუბრისას, ხიდაშელმა განაცხადა, რომ ერთადერთი რაც ქვეყანას იმ მიზნამდე მიიყვანს, რაც დასახული გვაქვს, ეს არის რეალური ფუნდამენტური, სტრუქტურული ინსტიტუციური ცვლილებები ყველა იმ მიმართულებაში, რომელიც 12 -პუნქტიან გეგმაშია გაწერილი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „გენიალური პარტნიორია“ ბრძოლაში. მისივე თქმით, ზურაბიშვილის ეს აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, „თუმცა კარგი იქნებოდა ცოტა ადრე დაეწყო ეს აქტიურობა.“
„მაკრონის ქართულენოვანი ტვიტი – ესეც შემთხვევითი ამბავი ხომ არ არის, არა?! სრულიად ერთმნიშვნელოვანია, რომ ქალბატონი სალომეს როლი უზარმაზარია ამ საქმეში.“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.