LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ევროპას პოლარიზების დასრულება უნდა, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს“ – პრემიერის გამოსვლა პარლამენტში და მთავარი აქცენტები

127
Untitled design (2)

„საქართველოსთვის ახალი ომის დაწყება, მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს, აბსოლუტურად იდენტურია – ქვეყანა ახალ ომს ვერ გაუძლებს. ჩვენი მთავარი ამოცანა, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლების ამოცანაც, ერთიანობის შენარჩუნება და ამ დიდი გამოწვევების წინაშე ერთობლივად გამკლავება უნდა იყოს“, – ამის შესახებ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

უსაფრთხოების საკითხებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომზე, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და მომდინარე საფრთხეებზე, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დესტაბილიზაციის მცდელობებზე, მიხეილ სააკაშვილზე და ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და აქციებზე ისაუბრა.

ღარიბაშვილი: ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა 

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მსოფლიოში ურთულესი ვითარებაა და რომ ასეთი გამოწვევების წინაშე ევროპა და მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.

მისი თქმით, დღეს ქვეყნის წინაშე არსებული რეალური საფრთხეებია „შეთქმულება“, „უკრაინიზაცია“ და „მეორე ფრონტის გახსნის გეგმა“.

„გვესმის, რომ ბირთვული ომის რიტორიკა დღითი დღე მძაფრდება და ასეთ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ქვეყნის გადარჩენაა.

„ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის და საქართველოს ომში ჩაბმის არაერთი მცდელობა იყო. შეგახსენებთ, რომ თვითონ ეს ფრაზა „მეორე ფრონტი“ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან გაჟღერდა. ბატონმა დანილოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი სურვილი და მიზანი იყო საქართველოში მეორე ფრონტი გახსნა. აქვე დაამატა, რომ მათი ამოცანა იყო რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა ქვეყნისადმი, სხვა რეგიონის მისამართით. ისიც აღინიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ ამ ომის შედეგები უნდა იგრძნონ სხვა ქვეყნებმაც. ეს არის იმ გამოსვლის ძალიან მოკლე შინაარსი, რომელიც მთელმა საზოგადოებამ მოისმინა. ამის შემდეგ ჩვენ გვახსოვს განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, გვარებს აღარ ჩამოგითვლით.

თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა, მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში“, – თქვა მან.

გამოწვევებზე საუბრის დროს, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები“.

რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა და შეთქმულება, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. „უკრაინიზაციის“ გეგმა, ე.წ. მეორე პოლიგონის და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ნატოს წევრი, ჩვენ არ გვაქვს არავითარი უსაფრთხოების გარანტიები და ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ“, – თქვა ღარიბაშვილმა.

„სააკაშვილი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი“ – ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის შემოსვლის მიზანი ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო 

სიტყვით გამოსვლის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო „ნიადაგის მომზადება, რომ ომი საქართველოშიც დაწყებულიყო“. 

„მისი მიამიტური გათვლებით, აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლის ღვრა, ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით, არჩევნების ჩაშლა.

ეს პერიოდი ემთხვევა ზუსტად იმას, როცა, უკვე დაწყებული იყო საუბრები და ჩვენ სხვა ინფორმაციებიც გვქონდა პარტნიორებისგანაც, რომ მოსალოდნელი იყო უკრაინაში ომის დაწყება ნოემბერში ან დეკემბერში, რომელიც რამდენიმე თვით გადაიწია ე.წ. რუსეთ-დასავლეთს შორის მიმდინარე კომუნიკაციის გამო. ეს პერიოდი შემთხვევით არ მიხსენებია, პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის შემოსვლას და მის განზრახვას, მოეხდინა ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება და რევოლუცია“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ე.წ. „მეორე ფრონტის გახსნის გეგმაზე“ საუბრის დროს ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან, ზრახვებთან და ქმედებასთან თანხვედრაში მოდის:

„თეონა აქუბარდიამ შემახსენა და მომიწოდა, რომ მესაუბრა ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებზე. მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მიამიტი, რომ იმ საფრთხეებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ამ საფრთხეებზე თვალი დავხუჭოთ და არ ვისაუბროთ“, – თქვა მან.

ღარიბაშვილის განცხადებით, „იმის საფრთხე, რომ ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ მყოფმა მტრულმა ძალებმა ომი ქვეყანაში გადმოიტანონ და დესტაბილიზაციას შეეცადონ, არსად წასულა და საფრთხე საფრთხედ რჩება:

პრემიერის თქმითვე, მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის მთავარი საზრუნავი არის ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნება და ის, რომ ომის გადმოტანა არ დაუშვან.

ღარიბაშვილი 7-8 მარტის საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და თქვა, რომ „ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, ანარქისტული ძალები“.

„კარგად გახსოვთ ე.წ. აქციები „შინ ევროპისკენ“ და მათი გაცხადებული მიზანიც ასევე იყო ხელისუფლების შეცვლა. მათი საბოლოო ამოცანა არის ომის დაწყება. ჩვენს შიდა თუ გარე მტრებს ეს გეგმაც ჩაუვარდათ. შეგახსენებთ, ბოლო მცდელობა, ახლა უკვე რამდენიმე კვირის წინ, 7-8 მარტს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, ანარქისტული ძალები, მათ მიერ კონტროლირებული ახალგაზრდული ორგანიზაციები“, – თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერი მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებებსაც გამოეხმაურა და მათ წამახალისებელი უწოდა:

„მაშინ, როცა ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმოდნენ პოლიციას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს ესროდნენ, ჩვენ გვესმოდა პირდაპირი მოწოდებები ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, რომ მათი თქმით, ახლა არის ამ რეჟიმის დამხობის დრო და ა.შ. ეს გეგმა, რა თქმა უნდა, ჩავარდა და ისევ წააგეს ჩვენი ქვეყნის მტრებმა“, – თქვა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ევროპას პოლარიზაციის დასრულება რეალურად სურს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს:

„ეს მოხსნის კითხვებს, სპეკულაციებს და დაასრულებს დესტრუქციულ, რადიკალურ ქმედებებს. ექსტრემისტულ ოპოზიციას რეალური მიზეზი აღარ დარჩება, რომ  ჩვენს ხელისუფლებას რაიმე ბრალი წაუყენონ.

მათ პირადადაც ვუთხარი, რომ შეცდომა იყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი რომ არ მისცეს ავანსად, როგორც მოლდოვას და უკრაინას. ჩვენი პროგნოზი ახდა, რომ პოლარიზაცია არათუ დასრულდებოდა, არამედ მოიმატებდა. რომ შევხედოთ ერთი წლის განმავლობაში პოლარიზაცია შემცირდა თუ არა, პირიქით – ვნახეთ დესტაბილიზაციის მცდელობები – შარშან, ივნისის აქციები, ახლა მარტის აქციები. პოლარიზაციამ მოიმატა, პარლამენტარები არ მონაწილეობენ სამუშაო პროცესში, არ მიიღეს მონაწილეობა 12 რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში“, – თქვა პრემიერმა.

პოპულალურები