თუ ქართველი ხალხი დაუშვებს იმას, რომ ივანიშვილმა, ამ „ბეზპრედელშიკმა“ გაიტანა ის, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი გაუშვა ციხეში, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ. ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. მე, არაფრის მეშინია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია რისთვის ემუქრება საკანი საქართველოში.
„ხომ არ ბნელა მართლა! რისთვის მემუქრება საკანი? იმისთვის, რომ არაფერი ჩამიდენია? იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენე? იმისთვის, რომ ერთი კაპიკი არ წამიღია საქართველოდან? იმისთვის, რომ თორმეტჯერ გავზარდე ბიუჯეტი? იმისთვის, რომ სიღარიბე სამჯერ შევამცირე? იმისთვის, რომ ოთხჯერ გავზარდე საქართველოს ეკონომიკა? იმისთვის, რომ საქართველო ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყნად ვაქციე? რისთვის მემუქრება საკანი, ამ კითხვას რატომ არ სვამთ?“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.