LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურნავა – საქართველო იყო, არის და რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული, საუბარია, როგორ დავხვეწოთ აღსრულება ისე, რომ კითხვაც კი არ გაჩნდეს მომავალში

250
ა ტურნავა

„ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა რჩება საერთაშორისო სანქციების ერთგული. აქ საუბარია, როგორ დავხვეწოთ აღსრულება ისე, რომ კითხვაც კი არ გაჩნდეს მომავალში და სასამართლო პრაქტიკაც არ გაჩნდეს ისეთი, რომელიც ამაში ხელს შეგვიშლის“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების პრაქტიკა ახალი რეალობაა, ხვალ და ზეგ არ დასრულდება და უახლოესი წლების განმავლობაში იარსებებს, რაც შეიძლება, გაფართოვდეს, ან შეიცვალოს და ა.შ, სწორედ ამიტომ, სანქციების აღსრულების საკითხი თავშივე მოსაგვარებელია.

„დღეს სანქციების მიმღები არის ევროპული ქვეყნები, აშშ და ა.შ, მაგრამ თეორიული შანსი დავუშვათ, რომ ხვალ, რაღაც ახალი გეოპოლიტიკური მოვლენიდან, სხვა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რომელიმე სხვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ასევე მიიღებს სანქციებს, რომელსაც საქართველო გადაწყვეტს და მიუერთდება. პირობითად, ძალიან თეორიული მაგალითი ავიღოთ, რომ ინდოეთი, ან თურქეთი მიიღებს სანქციებს და ხომ შეიძლება ისე მოხდეს, მიზანშეწონილი იყოს, ამ სანქციებს ჩვენც მივუერთდეთ?

წარმოიდგინეთ, ასეთ დროს რა ხდება. ჩვენ თუ გავაგრძელეთ სანქციის ეს ე.წ ბლანკეტური, ანუ მექანიკური, ავტომატური აღსრულება, ისე, რომ ჩვენთან ადგილზე არც მოკვლევა გაკეთდა, არც ჩვენი სამართალწარმოებით გათვალისწინებული პროცედურები ჩატარდა, არც დასაბუთება მოვიპოვეთ, არც სასამართლო განხორციელდა დ ასე ავტომატურად აღვასრულეთ, როგორც დავუშვათ, აქამდე ხდებოდა, გამოდის, რომ სულ უფრო მეტი და მეტი სახელმწიფოს მიმართ პრაქტიკულად, უნდა დავთმოთ ჩვენი სამართალწარმოების სუვერენული უფლება. ანუ, სხვა ქვეყნის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე გაკეთებულ დასკვნებზე დაყრდნობით, პრაქტიკულად ბრმად, უნდა მოვთხოვოთ ჩვენს საფინანსო სისტემას, რომ მან აღასრულოს ეს ისე, რომ ჩვენი კანონმდებლობა პრაქტიკულად, განზე დარჩება ამ პროცესიდან. ეს ძალიან ბევრ კითხვას უკვე იწვევდა, ძალიან ბევრ კითხვას გამოიწვევდა მომავალში და ჩვენ ამის პრევენცია გავაკეთეთ“, – განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავამ ასევე განაცხადა, რომ სანქციების აღსრულების პრაქტიკა განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ სანქციების აღსრულება ყველგან ავტომატურად, ერგვაროვნად და ერთდროულად ვერ და არ ხდება.

„ვსაუბრობ იმავე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე, კანადაზე და მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებზე, სადაც კითხვის ნიშანი არ დგას, ეს ქვეყანა აღიარებს თუ არა სანქციებს. პირიქით, ყველაზე ხშირად, არიან სანქციების ავტორი, მაგრამ ისინი ყოველთვის ცდილობენ, იპოვონ სწორი ბალანსი საერთაშორისო ვალდებულებასა და საკუთარ ეროვნულ, სუვერენულ ფუნქციებსა და კანონმდებლობას შორის“, – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ვინაიდან სხვა ქვეყნები ახერხებენ კარგი ბალანსის პოვნას, საქართველომაც ამ ბალანსისკენ გადადგა ნაბიჯი.

მისივე თქმით, არსებობს გამონაკლისები და არსებობს გადაწყვეტილებები, რომ ადამიანი, როგორი სანქცირებულიც არ უნდა იყოს, თუნდაც ჰუმანიტარული მოსაზრებით, არ უნდა იყოს ერთბაშად მოწყვეტილი ყველა საფინანსო სერვისიდან.

„არის სხვადასხვა გადაწყვეტილება, მათ შორის, იმავე ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ დაშვებული გადაწყვეტილებები და ა.შ, რომელიც აწესებს იმას, რომ ადამიანი, როგორი სანქცირებულიც არ უნდა იყოს, თუნდაც ჰუმანიტარული მოსაზრებით, არ უნდა იყოს ერთბაშად, მყისიერად იზოლირებული და მოწყვეტილი ყველა საფინანსო სერვისიდან. ეს წარმოუდგენელია და ჩვენ, ამ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ბევრი გვქონდა დასახვეწი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები