„ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ხელისუფლებას და ოპოზიციას სთავაზობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გასასამართლებლად საქართველოში უცხოელი მოსამართლეებისგან დაკომპლექტებული სპეციალური პალატა შეიქმნას.
მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს სააკაშვილს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლოს.
„ჩვენ ვთავაზობთ დაპირისპირებულ მხარეებს გეგმას როგორ გამოვიდეთ იმ ჩიხიდან, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს და ამასთან დაკავშირებულ დაძაბულობას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და დავინახავთ მომავალი დღეების განმავლობაში.
გეგმის პირველი ნაწილი არის ჰიბრიდული სასამართლოს შექმნა, რომლის მიხედვითაც სასამართლოს ფარგლებში შეიქმნება სპეციალური პალატა, გამოცდილი და დამოუკიდებელი უცხოელი მოსამართლეებით, რომლებიც გაასამართლებენ მიხეილ სააკაშვილს.
მას ექნება უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება და ამავე დროს სააკაშვილის რეჟიმით დაზარალებულ ათასობით ადამიანს ექნება საშუალება, იპოვოს სამართალი.
ასეთი პრეცედენტები არაერთია მსოფლიოში, სხვადასხვა კონტექსტში. ამ გამოცდილების გადმოღება ჩვენ მოგვცემს საშუალებას ავარიდოთ ყველაფერი, რაც ჩვენ გველის წინ ყოველდღე, როდესაც გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. გარდა ამისა, ეს გეგმა არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს იქნება დასაწყისი უფრო სერიოზული და სიღრმისეული სასამართლოსი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამ 9 წლის განმავლობაში არ უზრუნველყო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
დოლიძის თქმით, თავის წინადადებას ის როგორც ოპოზიციას, ასევე „ქართულ ოცნებას“ გააცნობს და ასევე, პრეზიდენტსაც შეთავაზებს, რომ განიხილოს.
„ამ შეთავაზებით ჩვენ მივმართავთ მთელ ოპოზიციურ სპექტრს და ხელისუფლებას და ჩვენ ვიმუშავებთ ოპოზიციურ პარტიებთან და „ქართულ ოცნებას“ შევთავაზებთ ამ წინადადებას. ასევე ამ წინადადებას შევთავაზებთ საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის, რომ მოხდეს პოლიტიკური კონსენსუსი იმ ობიექტურ საშუალებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ ჩიხიდან გამოიყვანს.
ამავე დროს ხვალიდანვე ვიწყებთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ვიპოვოთ ყველა გასაღები და მალე დავასრულოთ ეს საკითხი.
ამიტომ ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორ საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა ჰიბრიდული სასამართლოს გეგმა რაც შეიძლება მალე დადასტურდეს“, – განაცხადა ანა დოლიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი ამ დღიდან შიმშილობს. რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაიყვანეს, რითიც ოპოზიციის მოთხოვნა, სააკაშილი სამოქალაქოპ კლინიკაშ გადაეყვანათ არ შესრულდა.
სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი სუსტადაა და აუცილებელია მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.
ყოფილი პრეზიდენტის პირველი სასამართლო პროცესი 10 ნოემბერს გაიმართა. მორიგი პროცესი კი 29 ნოემბერს ჩაინიშნა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.
შეფასებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: