LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უფრო ადრე წარდგენაც შეგვეძლო, მაგრამ გვინდა, ხარისხიანი დოკუმენტი იყოს” – რა თქვა კობახიძემ EU-ს კითხვარზე, ფარულ ჩანაწერებსა და უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე

96
კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე საკითხზე გააკეთა კომენტარი.

რუსეთ-უკრაინის ომზე და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს რუსეთისთვის არ აქვს დაწესებული სანქციები, „სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში ბუნებრივია, შეიძლება, შედგეს ნებისმიერი ურთიერთობა“.

„ომის დროს, როდესაც რუსეთი თავისი სამხედრო ძალებით ანგრევს მარიუპოლს, სხვა ქალაქებს, როდესაც კვდება უამრავი ადამიანი, უკრაინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან, პუტინთან. პუტინისგან ყიდულობს გაზს, შემდეგ ეს გაზი გადააქვს ევროპის ქვეყნებში და ასე შემდეგ.

უკრაინა აკეთებს ამას, დღემდე პუტინისგან ყიდულობს გაზს და არა მარტო, ამ გაზის გატარებას უზრუნველყოფს ევროკავშირის ქვეყნებში. არც არავის უთქვამს, რომ ეს ამორალურია, ან არალეგიტიმურია ან ასე შემდეგ.

ჩვენც, ისევე როგორც უკრაინას, გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ამ ლეგიტიმური ურთიერთობების ფარგლებში, ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება, იყოს მისაღები, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ჯდება იმ ჩარჩოებში, რაც განსაზღვრული აქვს სახელმწიფოს. სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს ჩარჩოები იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც დამყარებულია, ეს არის სავაჭრო ურთიერთობები. ამ ლეგიტიმურ ფარგლებში, ნებისმიერი კომუნიკაცია არის ლეგიტიმური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე გამოეხმაურა „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ ​აუდიოჩანაწერს, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილს ურეკავს.

„ჩანაწერის ავთენტურობას რაც შეეხება, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. ამასთან დაკავშირებით არ ვიცი, შეგიძლიათ, სხვანაირად მოიკითხოთ ეს ინფორმაცია. მათ შორის, წყარო თქვენთვის ცნობილია და შეგიძლიათ, წყაროსაც ჰკითხოთ, თუ ეს თქვენთვის უხერხულობას არ შექმნის. ანუ საიდან გახდა ეს ჩანაწერი ცნობილი კონკრეტული ტელევიზიისთვის. საიდან გახდა ცნობილი, ან ქართული მხრიდან, ან რუსული მხრიდან, ან აკერმანს უნდა ჩამოეტანა მაგალითად ბაკურიანში. პირველი გამორიცხულია, მეორე და მესამე ამ ტელევიზიას სერიოზულ უხერხულობას შეუქმნის.

აკერმანისა და ასევე რუსული ვერსია იქნება სერიოზული უხერხულობის შემცველი კონკრეტული ტელევიზიისთვის, რომელიც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირი ფორმით. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ამ ტელევიზიას უნდა ვკითხოთ, არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური და მათ ამისთვის ალბათ წყაროზე უნდა ისაუბრონ. თუმცა, მე მგონია, რომ წყაროს გამჟღავნება იქნება სერიოზული უხერხულობის შემქმნელი. სამი ტელევიზია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელმაც რუსეთს მოუხსნა მაგალითად უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. ეს სამი ტელევიზია წარმოადგენს ამ პოლიტიკურ ძალას, „ნაცმოძრაობაზე“ საუბარი და მის ტელევიზიებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს, როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით.

„რაც შეეხება უშუალოდ ურთიერთობების თემას და საქართველოს პოზიციას ომთან მიმართებით. ჩვენი პოზიცია არის ნათელი. რაც შეეხება პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, აქ ვაკეთებთ 100 პროცენტს უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიის დაგმობის კუთხით. რაც შეეხება სანქციებს, ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებამ ძალიან მკაფიო განცხადებები მოისმინა.

რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, ამაზეც ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ნათელი. არავინ არავის არ ეხმარება. ამ ჩანაწერის თანახმად, რომლის ავთენტურობაც არ ვიცით, კონკრეტულ ადამიანს აინტერესებს სავაჭრო ურთიერთობებში რაღაცის გაკეთება. გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში, ბუნებრივია, მას არ შეუძლია ასეთ დროს რაიმე პასუხის გაცემა და მარტივად ეუბნება საკუთარ ძველ მეგობარს, თუ ავთენტურია ეს ჩანაწერი, რომ ასეთი რაღაც უნდა გაირკვეს ხელისუფლების წარმომადგენელთან. თუ ეს ავთენტურია, ამ ავთენტურ ჩანაწერშიც არაფერი პრობლემური სინამდვილეში არ არის. რომც იყოს ავთენტური, არავითარ უხერხულობას ბუნებრივია, ეს საუბარი არ ქმნის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის თავმჯდომარეს ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით დაუსვეს  კითხვა. ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანას კითხვარის წარსადგენად ვადა ჯერ ისევ აქვს.

„ვადები არის განსაზღვრული ევროკავშირის მხრიდან და 9 მაისამდე ჩვენი მხრიდან იქნება შევსებული კითხვარის ორივე ნაწილი. პირველი ნაწილი და მეორე ნაწილიც, რომელიც არის არსებითი ნაწილი კითხვარის. შევსებული

იქნება სათანადო ვადებში. შეგვეძლო უფრო ადრეც, მაგრამ რადგან ვადა აქვს ევროკავშირს მოცემული გვინდა, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი დოკუმენტი წარვადგინოთ. საჩქარო არაფერია, ეს ვადა იწურება 10 დღეში და წარედგინება ევროკავშირს“, – ამბობს კობახიძე.

გარდა ამისა, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო ის, რომ ქვეყანაში სიტუაცია აეჭრა, შემდეგ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძესთან ერთად მოსულიყო ხელისუფლებაში და ჩართულიყო ომში.

„სააკაშვილი ჩამოვიდა პირველ რიგში იმისათვის, რომ საქართველოში საარჩევნოდ აეჭრა სიტუაცია და ამ სიტუაციის აჭრის მთავარი მიზანი იყო, ბუნებრივია, ხელისუფლების გადატრიალება და ამ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, სააკაშვილი, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებაში თავის პარტნიორებთან ერთად – გახარიასა და „ლელოსთან“ ერთად.

ის უკვე ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით. ეს იყო ჩვენი ლოგიკური დასკვნებით, ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობთ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, ეს იყო დაგეგმილი სცენარი, რაც „ომის პარტიას“ ჩაეშალა. ამ მიზნით შემოვიდა ის საქართველოში, რომ ჯერ აქ აეჭრა სიტუაცია, მოსულიყო სააკაშვილი გახარიასთან და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში და ხელისუფლებაში მყოფი სააკაშვილი ჩართულიყო ომში.

2008 წელს მან თავის მიზნებს ბოლომდე ვერ მიაღწია, მხოლოდ გორში და სენაკში შემოიყვანა რუსული ტანკები და ახლა ეცდებოდა თბილისშიც გვენახა რუსული ტანკები. ეს გეგმა ჩვენ ჩავუშალეთ მას, სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და სააკაშვილი ჩაჯდა იქ, სადაც იყო მისი ადგილი. „ომის პარტიას“ გეგმა ჩაეშალა“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის დღეს გაკეთებული განცხადებები:

კობახიძე სააკაშვილზე: ცხოვრების ხარისხი გაუარესდა, რაც ხალხის ხარჯზე პროდუქტს ვერ უკვეთავს.. ვინც მის გამოშვებას ითხოვს, ყველას საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა ამოძრავებს

კობახიძე IRI-ის კვლევაზე: შეადარეთ ჩვენი სახეები გუბაზ სანიკიძის და სალომე სამადაშვილის სახეებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g