ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე?, – ასე მიმართავს „მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პარტია „მოქალაქეების” წევრ ლევან იოსელიანს, რომელიც პარტიამ სახალხო დამცველობის კანდიდატად დაასახელა.
„როგორც პოლიტპატიმარს, სახალხო დამცველობის კანდიდატისთვის ერთი შეკითხვის დასმის უფლება მგონი უნდა მქონდეს და გამოვიყენებ:
ლევან იოსელიანი, როგორ ფიქრობ, ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე? (სხვა, მათ შორის ათობით საერთაშორისო ორგანიზაციას არ გკითხავ). სახალხო დამცველს ამგვარ საკითხებში სწორხაზოვანება მართებს და “კი” ან “არა” პასუხით ძალიან დამავალებ. თან “პოლიტ” თუ არა, პატიმარი ვარ ბოლო-ბოლო.
თამუნა კორძაია, მოვისმინე შენი პოზიცია ლევანთან დაკავშირებით და თუ პასუხი ვერ მივიღე, შენ უნდა მომიპოვო რამენაირად. უნდა გამიგო, ჩემთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა, ვინ იქნება სახალხო დამცველი. მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში უკვე არსებული პოზიციის წარსადგენად. არ მინდა ლომჯარიას დასკვნა ან გაწვეული დამხვდეს, ან შეცვლილ-დამახინჯებული; ან საქმეში ინტერვენცია ვთხოვო ახალ სახალხო დამცველს და უარი მივიღო. ასე რომ, ამ ვითარებაში სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერა პოლიტპატიმრების წინაშე პასუხისმგებლობის აღებაცაა. შენ რომ ამის არ გეშინია, ვიცი. ხოდა, დამეხმარე იმის გარკვევაში, რა მელოდება”, – წერს ნიკა გვარამია.