ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას, გავრცელებული ინფორმაციით, ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა.

ბოკოვი საქართველოში 4 თვის განმავლობაში გამოგონილი სახელით საქმიანობდა და ცხოვრობდა. მას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოკოვს უსაფრთხოების სამსახური ყალბი დოკუმენტების შენეხვა-შეძენასა და დამზადებას ედავებოდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ის პანკისის ხეობაში იმყოფებოდა.

უნდა დადგინდეს დამკვეთი: მოითხოვს თუ არა საქართველო რამზან კადიროვის დაკითხვას – რა უნდა ქნას გაბუნიამ და რა ქვეყანამ

ამბობენ, თითქოს ის ხეობაში ორი დაპირისპირებული გვარების მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების შესარიგებლად ჩავიდა, თუმცა ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. ბოკოვი იმ 15-კაციან ჯგუფში არ იმყოფებოდა, რომელიც ხეობის უხუცესმა ზემილხან წუწაშვილმა პირადად მიიპატიჟა.

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ სამართალდამცავებმა პანკისში, მისი სახლი შეამოწმეს.

ხანგოშვილის თქმით,  3-4 სამართალდამცველი ესტუმრა. აცნობეს, რომ მისი ნაცნობი ეთნიკურად ჩეჩენი პიროვნება დააკავეს და სახლის დათვალიერება ითხოვეს.

“სპეცოპერაცია არ ყოფილა. შემოვიდნენ, დაათვალიერეს და წავიდნენ. არაფერი არ უთქვამთ. უბრალოდ, თუ წინააღმდეგი არ იქნები, ვნახავთო. კი ბატონო-მეთქი. მე დასამალი არაფერი მაქვს. შეადგინეს ოქმი, რომ სახლში არაფერი აღმოჩნდა და მოვაწერე ხელი”.

ეთნიკურად ჩეჩენი აჰმედი, ხანგოშვილის ცნობით, საქართველოს მოქალაქე არ არის. მისივე თქმით, დაკავებული უხუცესის სახლს სტუმრობდა ხოლმე:

“ორჯერ ან სამჯერ იყო ჩამოსული. წინა დღესაც იყო. ათასი სტუმარი მოდის ჩემთან. ძალიან კონტაქტური ახალგაზრდაა. ბიზნესისთვის ვარო ჩამოსული”, – აცხადებს ხანგოშვილი.

 

„იმედი მაქვს, ოდესმე საშუალება მომეცემა, რაც დავპირდი პუტინს, შევასრულო, დარწმუნებული ვარ, ჩემზე ადრე მოკვდება“ – გიორგი გაბუნია

კვირის პალიტრა - მამუკა არეშიძე ...

რატომ შეიძლება რეალურად ჩასულიყო პანკისის ხეობაში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ამ კითხვით „ფორტუნამ“ კავკასიის საკითებში ექსპერტს, მამუკა არეშიძეს მიმართა.

„პანკისის ხეობაში რატომ იყო ჩასული ბოკოვი, მხოლოდ ჩემი ვერსია შემიძლია გითხრათ. თვითონ არის ვაინახი, იქ კი ვაინახები ცხოვრობენ და არ არის გამორიცხული, ახლობლური კონტაქტები ჰქონოდათ, ან რუსეთიდან საქართველოში მოემგზავრებოდა და ვიღაც ახლობელმა აქაურის მისამართი მისცა. შესაძლოა, პანკისში იყო ისეთი ადამიანი, ვინც დაეხმარებოდა მისი გეგმის შესრულებაში. ბევრი ვერსია შეიძლება იყოს. ძნელი სათქმელია, რეალურად რა მოხდა, თუმცა ყველაზე ზედაპირული ვერსიაა, რომ რადგან ერთი ტომის წარმომადგენლები არიან, ალბათ გარკვეული საახლობლო ან სანათესაო კავშირები ჰქონდათ“, – აცხადებს ექსპერტი. 

კითხვაზე, შეიძლება თუ არა მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ბოკოვის დაწყებული საქმე სხვებმა გააგრძელონ, არეშიძე პასუხობს:

„მე ამას ვერ ვივარაუდებ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ნიშნავს, რომ პანკისი არის, რბილად რომ ვთქვათ, „საეჭვო რეგიონი“. მე ამის თქმა არ მინდა. არ მიმაჩნია, რომ მთელ ამ ამბავში ცენტრალური ფიგურა არის ბოკოვი. ბოკოვი ძალიან უხეშად იქცეოდა, ძალიან ბევრს დადიოდა აქეთ-იქით. ქილერები ასე არ იქცევიან. ეს არ არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა. ქილერები სხვაგვარად იქცევიან ხოლმე. მაქსიმალურად ცდილობენ არ გამოჩნდნენ, ცდილობენ მოკლე დროში ჩაეტიონ. ქილერი სოფელ-სოფელ არ დადის და იარაღს არ იძენს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი მთელს ამ ოპერაციაში ჭანჭიკია და სხვები არიან მთელი ამ ოპერაციის რეალური მონაწილეები და ხელმძღვანელები“, – ამბობს ექსპერტი ჩვენთან საუბარში.

ექსპერტი განმარტავს, თუ რატომ არ უნდა მომხდარში პანკისის ხეობის კვალის დანახვა.

„შეიძლება ეს ოპერაცია სხვა მიზანს ემსახურებოდა. ჯერჯერობით არის ძალიან მწირი ინფორმაცია და ამიტომ არ მინდა, ვერსიების შეთხზვა და მით უფრო ამ საქმეში პანკისის ხეობის მოსახლეობის დადანაშაულება. ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. რუსულ ან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებზე მომუშავე ან უბრალოდ კრიმინალი, რომელსაც რაღაც კავშირები აქვს რუსეთთან თუ ჩეჩნეთთან, შეიძლება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში იყოს და ამიტომ პანკისისკენ თითის გაშვერა არ იქნება სწორი. 

ეს ადამიანი ჩამოდის რეკომენდაციით ჩეჩნეთიდან. ხანგოშვილმა მიიღო სტუმარი და არა ქილერი. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

ჟურნალისტები ბოლომდე არ ხართ ჩახედული საქმის კურსში და ფიქრობთ, რომ კვალი შეიძლება სწორედ პანკისისკენ მიდიოდეს. მაგრამ ეს ყველაფერი ზედაპირზე დევს. სამწუხაროდ, ამ ტიპის თუ რამ ცუდი ხდება საქართველოში, უკავშირდება თბილისს და არა პანკისს. პანკისში რაც ხდება, არის ზღვაში წვეთი, რაც ხდება მთლიან საქართველოში, უბრალოდ პანკისი ისმის, რადგან სამწუხაროდ უარყოფითი „ბრენდია“, – აცხადებს მამუკა არეშიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05