„ბალენსიაგას“ შოუთი დემნა გვასალიამ, ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა მსოფლიო საზოგადოება. ახალი კოლექციის ჩვენებაზე მან უკრაინელი პოეტის ლექსი თავად წაიკითხა, დასასრულს კი ყვითელ და ლურჯ კოსტიუმებში გამოწყობილი მოდელები გაატარა პოდიუმზე, უკრაინის დროშის პატივსაცემად, მისულ სტუმრებს უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისურები სკამებზე დახვდათ…
დემნა გვასალია აფხაზეთიდან დევნილია და თავის მიმართვაში, რომელიც ჩვენების წინ გაავრცელა, საგანგებოდ აღნიშნა, რომ ომმა, რომელიც გამოიარა, ის სამუდამო ლტოლვილად აქცია, უკრაინაში შექმნილმა ვითარებამ კი თავიდან განუახლა ტკივილი.
გუშინდელი ჩვენების შემდეგ კულისებში საინტერესო შეხვედრა მოხდა. „ინსტაგრამზე“ დემნა გვასალიას ქართული გვერდის demnagram-ის ავტორი, საბა ბახია აღმოჩნდა. ის თავად დიზაინერმა მიიწვია საკუთარ ჩვენებაზე, მას გადაეხვია და აქტიურობისთვის მადლობა ქართულად გადაუხადა. როგორც საბამ აღნიშნა, ეს მისი ოცნების ახდენაა…