LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვითხოვთ ჩვენს თანხებს, იმისთვის რომ ვიარსებოთ და დასაქმებულებმა მიიღონ გაზრდილი ანაზღაურება“ – „კარფურის“ წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით „ლიტვურმა საცხობმაც“ მიმართა

196
BeFunky-collage (5)

ჰიპერმარკეტების ქსელ “კარფურის” წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა. ამჯერად, სასამართლოს “ლიტვური საცხობი” მიმართავს.

“კარფურს” ადგილობრივი მწარმოებლები და სადისტრიბუციო კომპანიები ნახევარი მილიონი ლარის ზარალს ედავებიან.

რამდენიმე დღის წინ “კარფურმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ “ადგილობრივ თუ საერთაშორისო მომწოდებლებთან „კარფურის“ მრავალწლიანი პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება, რომელიც განმარტებული, შეთანხმებული და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. „კარფური“ არ დათანხმდება დაუსაბუთებლად ფასების ზრდას და განაგრძობს ყველა მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობის დაცვას”.

„კარფური“ დისტრიბუტორებს პასუხობს: ჩვენ აქტიურად შეგვაქვს წვლილი ქვეყანაში საკვებ პროდუქტებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

რა პრეტენზიები აქვს “ლიტვურ საცხობს” – საკითხზე “ფორტუნას” ეთერში “ლიტვური საცხობის” ხელმძღვანელმა, თინათინ ხუციშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, პარტნიორული ურთიერთობები არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს ძალიან აზარალებს, განსაკუთებით, კოვიდპანდემიისგან შექმნილი კრიზისის ფონზე.

“რა თქმა უნდა, ორმხრივი ხელშეკრულება გვაქვს, ამას არ უარყოფს არცერთი მწარმოებელი და დისტრიბუტორი, თუმცა ხელშეკრულებები არის კაბალური, რაც გულისხმობს იმას, რომ დაცულია, მხოლოდ ერთი მხარის უფლებები. შესაბამისად, ფაქტობრივად, დაუცველ პოზიციაში ვიმყოფებით მწარმოებლები და დისტრიბუტორები, განსაკუთრებით მაშინ როდესაც კოვიდპანდემია გვაქვს ქვეყანაში და ამას დამატებული ფინანსური კრიზისი.

როგორც მწარმოებლები აბსოლუტურად, ყველა ნედლეულს ვყიდულობთ ყოველდღიურ რეჟიმში მომენტალური გადახდის სისტემით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს კონსიგნაცია, ხოლო ხელშეკრულებით, რითიც აპელირებს ამ შემთხვევაში კარფური, აბსოლუტურად ილახება ჩვენი მდგომარეობა და პოზიციონირება. მეტიც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, არ ვიღებთ იმ თანხებს, რისი რეალიზაციაც ხდება. ეს არის სასამართლოსთვის მიმართვის ძირითადი მიზეზი.

ჩვენ ვითხოვთ ჩვენს თანხებს, იმისთვის რომ ვიარსებოთ და ჩვენს დასაქმებულებს ჰქონდეთ საშუალება მიიღონ გაზრდილი ანაზღაურება. ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება ფასები, შესაბამისად, ჩვენს დასაქმებულებს აქვთ უფლება მიიღონ მეტი ანაზღაურება. მაშინ როდესაც, „კარფური“ მხოლოდ ერთი თვის ჭრილში, ცალმხრივად წყვეტს, რომ 30 ათასი ლარი არ უნდა ჩარიცხოს, ეს რომ გავშიფროთ ნიშნავს, რომ ეს არის 100 ლარიანი ნამატი 100 თანამშრომელზე თითქმის სამი თვის.

რატომ უნდა მიიღოს თანხა ვინმე არაბმა ინვესტორმა და არ უნდა მიიღოს თუნდაც შემოსავალი ჩვენმა დასაქმებულებმა ან ჩვენ როგორც მწარმოებლებს არ გვქონდეს უფლება ვიფუნქციონიროთ ჯანსაღ გარემოში. ეს არის ამ საქმის მთელი არსი.

გვაქვს იმედი, რომ სასამართლო ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტს საქმეს, სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამოსავალი არ გვრჩება. არ ვიცი, მერე ალბათ, უფრო რადიკალურ ზომებს მივმართავთ და ვიმედოვნებთ, რომ საქმე აქამდე არ მივა”.- განაცხადა “ლიტვური საცხობის” ხელმძღვანელმა, თინათინ ხუციშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები